LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი არეშიძე: „რატომღაც უფრო მეტად ვნერვიულობ,  როცა თბილისში მაქვს ჩვენება…“

568

ანუკი არეშიძის ბრენდის Anouki კოლექციის ჩვენება თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა. ჩვენებისადმი ძალიან დიდი ინტერესი იყო, შესაბამისად, ბრენდის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, რასაკვირველია, იყვნენ დიზაინერის მეუღლე, კახი კალაძე და მათი სამი ვაჟიშვილი. სანამ ჩვენება დაიწყებოდა, კახი უმცროს ვაჟიშვილს ეთამაშებოდა, ჩვენებას კი ანუკის ქმარ-შვილმა დიდი ინტერესით ადევნეს თვალი, ისევე, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ.

 

 

კოლექციის შთაგონება დიზაინერის მიერ იტალიაში ოჯახთან ერთად გატარებული დასვენების დღეები გახდა.მუსიკა, რომელიც ანუკიმ ჩვენებისთვის შეარჩია, კარგად ეხამებოდა მის კონცეფციას და ნამუშევრების ბრჭყვიალა და მბზინავ ფაქტურას, რომელიც მოგეხსენებათ, ამ პერიოდის ძირითად მოდურ ტენდენციას ასახავს. ბრჭვიალა ქსოვილებს ნახავთ თითქმის ყველა დიზაინერის ნამუშევრებში, არც ანუკია გამონაკლისია.

მბზინავთან ერთად, დიზაინერმა ასევე გამოიყენა თავისი საყვარელი პასტელური ფერები, ვარდისფერი, ცისფერი, რასაკვირველია, უკვე ნახსენებ ოქროსფერ და ვერცხლისფერ მბზინავ ქსოვილებთან ერთად.  ნამუშევრებში ასევე საკმაოდ ფართოდ იყო გამოყენებული თეთრი ფერიც.

ჩვენების შემდეგ პრესა კახი კალაძის მოსაზრებით დაინტერესდა, რომელიც, როგორც ყოველთვის, მეუღლეს ხელს უწყობს საქმიანობაში და უწონებს მას. მომავალი მერის თქმით, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ანუკის, მან მედიასთან ისაუბრა იმის თაობაზე, როგორ ნერვიულობს თბილისში ახალი კოლექციების გამოტანის წინ.

ანუკი არეშიძე:

ძალიან განერვიულებული ვარ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ ჩვენების წარმატება. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში ძალიან საინტერესო სტუმრები არიან ჩამოსულები. მქონდა პრეზენტაცია მილანში, პარიზში, ტოკიოში. ფერთა გამა და ყველაფერი სხვა კარგად მქონდა აწყობილი, მაგრამ რატომღაც უფრო მეტად ვნერვიულობ,  როცა თბილისში მაქვს ჩვენება, რადგან უფრო მეტად კრიტიკულად უდგებიან ჩემს კოლექციებს, ნაშრომებს, ბევრს ითხოვენ, ამიტომ ძალიან ვინერვიულე.

ჯერ არ ვიცი, უნდა დავმშვიდდე, მაგრამ ვფიქრობ, წესით კმაყოფილი უნდა ვიყო (იღიმის).

 

რა გახდა შთაგონების წყარო?

იტალიაში ჩემი დასვენება ოჯახთან ერთად. სამხრეთ იტალიაში გავატარე დასვენების დღეები,  იტალიური დეტალები შევიტანე კოლექციიაში, მაგალითად, მკვლავები და ასევე კაბების ზედა ჭრა, რაც „რომაული არდადეგებიდან“ ავიღე, ასევე იყო დეტალები „დოლჩე ვიტადან“…

 

 

დალი ჩიტალაძე:

რომც არ შედიოდეს მის კოლექციაში ბრჭყვიალა ქსოვილები, ანუკი მაინც ყოველთვის ბრჭყვიალაა ჩემთვის. თვითონაც ძალიან ლამაზია და გარეგნობიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მისი კოლექციები არის თბილი, ქალური და მომხიბვლელი. თუ გსურთ, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად, უნდა შეიმოსოთ ანუკისთან.

რამდენად საინტერესო იქნება უცხოელი მომხმარებლისთვის?

ძალიან საინტერესო იქნება, რადგან დაცულია ყველაფერი – კონცეფციაც, ტენდენციაც. რაც ტენდენციურია, კარგად იყიდება, კომერციულია. ანუკის ყოველთვის მზა ტანსაცმელი აქვს, ჩაიცვი და წადი. დღეც ლამაზი ხარ და საღამოსაც. რაც მთავარია, ქალმა უნდა იცოდეს ლუქის აწყობა. ყველაფერში მთავარია ლოგიკურობა.

რამდენად მბზინავი იქნება მომავალ გაზაფხულს თბილისი?

შევთანხმდით, რომ ბრჭვიალა და ფერადი სამოსი არის ტენდენციური ზამთარშიც და ზაფხულშიც. ქართველ ქალებს ძალიან უყვართ შავი, ცოტა გავფერადდეთ. იცით, შეიძლება, ძალიან ძვირფასი შავი სამოსი გეცვეს, მაგრამ ყურადღება ვერ მიიქციო, მაშინ ძალიან მაღალი ხარისხის სამოსი უნდა გეცვას, ფერადი და ბრჭყვიალა ქალისკენ კი ყველა იხედება. მოდი, გავხდეთ განსაკუთრებულები, გავიპრანჭოთ და ავბრჭვიალდეთ.

მოკლედ, თბილისს ვუსურვოთ აბრჭვიალება…

ნამდვილად. „თბილისი – სიცოცხლით სავსე ქალაქი“ (იღიმის), ამ ფრაზას ანუკიც ამართლებს.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „ექსპო ჯორჯია“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები