LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპენდიქსი ამოჭრილი იყო, როცა ექიმებმა სხვა დიაგნოზი დასვეს – რა სიმპტომები ახასიათებს აპენდიქსის ანთებას

მაღალი ტემპერატურა, მუცლის ტკივილი, უმადობა და ღებინება – ეს სიმპტომები, რომლებიც, როგორც წესი, ზოგად ინტოქსიკაციას ახასიათებს, შესაძლოა, ჭიანაწლავის, იგივე აპენდიქსის, ანთებაზეც მეტყველებდეს. მედიკოსები განმარტავენ, რომ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება. ექიმების თქმით, მცირეწლოვან ბავშვებში აპენდიქსის ანთების დიაგნოზი განსაკუთრებით რთულად ისმება, რადგან პატარები ტკივილის ადგილსა და ხანგრძლივობას, როგორც წესი, სწორად ვერ უთითებენ.

11 წლის მარიამი რამდენიმე დღის განმავლობაში მუცელს იტკიებდა და, როგორც მისი მშობელი ამბობს, სიარულიც უჭირდა. თავად მარიამი „ფორტუნასთან“ ყვება, რომ განსაკუთრებულ დისკომფორტს მარჯვენა ფეხით გადაადგილება და მასზე დაყრდნობა უქმნიდა. მარიამის დედა, თამუნა, ამბობს, რომ  მარჯვენა ფეხის ე.წ. გაკავება და პარალელურად მუცლის ტკივილი ჭიანაწლავის ანთება ეგონა და ოპერაციულ მკურნალობას მიმართა.

„საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით, მუცლის ტკივილით და მარჯვენა ფეხის გაკავების სიმპტომებით წავედით. რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ, ექიმებმა აპენდიქსის ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ოპერაციის შემდეგ, მედიკოსებმა სულ სხვა პრობლემა დაასახელეს – მათი თქმით, ბავშვს ნაღვლის ბუშტის ანთება დაუდგინდა. რაღას შევცვლიდით? ჭიანაწლავი უკვე ამოჭრილი იყო, ამიტომ ახლა მკურნალობა სხვა მიმართულებით გავაგრძელეთ,“ – უთხრა „ფორტუნას“ მშობელმა.

ბავშვთა ქირურგი, დავით წაქაძე, განმარტავს, რომ ჭიანაწლავის ანთებისთვის დამახასიათებელი მარჯვენა ფერდქვეშ დისკომფორტი ან ტკივილის შეგრძნებაა. იმის გამო, რომ ეს სიმპტომი ნაღვლის ბუშტის ანთებასაც  თან ახლავს და იმიტომაც, რომ მოზარდმა, შესაძლოა, ტკივილის ადგილის ზუსტი ლოკალიზება ვერ მოახდინა, შესაძლოა, მარიამს აპენდიქსის ოპერაცია არც დასჭირვებოდა.

დავით წაქაძე: ჭიანაწლავის ანთების შემთხვევების 97%-100%-ში პაციენტებს, ძირითადად, მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი აღენიშნებათ. ღებინება შემთხვევათა 50%-60%-ში გვხვდება, გულისრევა – 70%-80%-ში. ასევე, ძალიან გავრცელებული სიმპტომი უმადობაა. რაც შეეხება ტემპერატურას, კუჭის აშლას ან შეკრულობას, ეს სიმპტომები შემთხვევათა დაახლოებით 15%-20%-ში იჩენს თავს.

  • რა განსხვავებით ვლინდება აპენდიქსის ანთება ბავშვებსა და მოზრდილებს შორის?

დავით წაქაძე: ბავშვებსა და მოზრდილებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ მოზრდილების ქირურგს დიაგნოზის დასმა უჭირს, ასევე, ბავშვთა ასაკის ექიმს უჭირს დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში აპენდიქსის ანთება გაცილებით სხვანაირად მიმდინარეობს, ვიდრე 3-დან 18 წლის ასაკობრივ პაციენტებში. აპენდიქსის ანთების ზოგადი სიმპტომებია ტემპერატურული რეაქცია, ღებინება, საერთო სისუსტე. ეს სიმპტომები მეტად დამახასიათებელია მცირე ასაკის ბავშვებისთვის, ვიდრე მოზრდილებისთვის. ამასთან, მცირე ასაკის ბავშვს უჭირს ტკივილის ადგილის და ხანგრძლივობის მითითება.

  • უშუალოდ ოპერაციულ მკურნალობაზე რომ ვისაუბროთ, რამდენ ხანს გრძელდება ჭიანაწლავის ოპერაცია?

დავით წაქაძე: როდესაც ოპერაციულ მკურნალობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ როგორც კლასიკური, ღია წესით, ოპერაციული მკურნალობა, ასევე თანამედროვე ლაპარასკოპიული მეთოდით. სავარაუდოდ, ბავშვთა ასაკში საკუთრივ ქირურგიული სტადია ნახევარი საათიდან ორ საათამდე შეიძლება, გაგრძელდეს. ამ პროცესს ანესთეზიის დრო შეიძლება, დაემატოს. გართულებები და გვერდითი ეფექტები, რასაკვირველია, ყველა სამედიცინო მანიპულაციას შეიძლება, ახლდეს თან, მაგრამ დღევანდელი თანამედროვე მედიცინის პირობებში, თუ დიაგნოზი დროულად არის დასმული, ეს გართულებები მინიმუმამდეა დასული.

  • როგორ უნდა შევამზადოთ არასრულწლოვანი პაციენტი ოპერაციისთვის?

დავით წაქაძე: არასრულწლოვანი პაციენტის მომზადება საოპერაციოდ კომპლექსურია, რაც გულისხმობს სიმპტომურ მკურნალობას, მაგალითად, სიცხის დაწევას, გარკვეული დროის განმავლობაში კვების შეზღუდვას. ოპერაციისწინა მომზადება მოიცავს სითხის შევსებას, რაც ძალიან ხშირად ოპერაციამდე დაკარგულია ხოლმე. ამ დაკარგული სითხის ადეკვატური რაოდენობით შევსება ოპერაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამასთან, საჭიროა, გაკეთდეს ანტიბიოტიკის პროფილაქტიკური დოზა. საგულისხმოა, რომ შესაძლებელია, პაციენტს ჰქონდეს ტემპერატურა, რომელიც უნდა დაიწიოს და კიდევ სხვა პარამეტრებიც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.

 

  • როგორი უნდა იყოს პაციენტის კვებისა და დატვირთვის რეჟიმი ოპერაციის შემდგომ?

დავით წაქაძე: პაციენტი პოსტოპერაციულ რეჟიმში უნდა იკვებოს წილადობრივად, 3-4 საათში ერთხელ, მცირე ულუფებით. პირველ დღეს პაციენტს ვაძლევთ სითხეს, რძის პროდუქტებს, მაგალითად, მაწონს; მეორე დღეს ემატება ხაჭო, მცირე რაოდენობით ჰერკულესის ფაფა ან კარტოფილის პიურე. მესამე დღეს შეიძლება, დავამატოთ ხორცის ნახარში, ცხელი კარტოფილის პიურე და ჰერკულესი, ასევე, თოხლოდ მოხარშული კვერცხი. მეოთხე დღეს უკვე შეიძლება, დაემატოს ორცხობილა. ასე ყოველდღიურად თითო-თითო პროდუქტის დამატებით და პაციენტის მდგომარეობის კონტროლით, დაახლოებით, 14-20 დღის განმავლობაში კვება უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, პირველივე დღეს პაციენტი შეიძლება, გადაბრუნდეს, გადმობრუნდეს და წამოჯდეს. მეორე დღიდან უკვე ფეხზე დგება, მესამე დღიდან პაციენტმა თანდათანობით უნდა მოუმატოს აქტივობის ხანგრძლივობას. სრული ფიზიკური აქტივობის მიღწევა უკვე 2 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

  • თუ არსებობს ასაკი, როცა აპენდიქსის ანთება ყველაზე ხშირად ვლინდება?

დავით წაქაძე: არსებობს ასეთი კვლევები, რომლის მიხედვით, აპენდიქსის ანთების მაქსიმალური შემთხვევები 5-დან 10 წლამდე ასაკის პაციენტებში ვლინდება. ყველაზე ხშირად ეს დაავადება ამ პერიოდში ვითარდება. შემდგომი პერიოდი დაკავშირებულია ორგანოს ანატომიურ განვითარებასთან. ეს პერიოდია 10-დან 18 წლამდე ასაკი. ყველაზე იშვიათად კი ანთება 5 წლამდე პერიოდში ვლინდება, თუმცა გამონაკლისის სახით, ოპერაცია ახალშობილისთვისაც გაგვიკეთებია.

  • როგორ დავიცვათ თავი აპენდიქსის ანთებისგან?

დავით წაქაძე: აპენდიქსის გართულებებისგან თავს დაიცავთ მხოლოდ მაშინ, თუ ტკივილის შემთხვევაში დროულად მივმართავთ ბავშვთა ქირურგს. სამწუხაროდ, სხვა რეკომენდაციების მოცემა დღეს თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია.

 

 

თათია კაკიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები