LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ არც იმედს მაძლევენ და არც ცნობას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის – ყოფილი ჟურნალისტი პარლამენტთან შიმშილობს

ყოფილი ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე პარლამენტთან შიმშილობს. ის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს.

ვასილ სილაგაძეს 15 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ყველაფერი 2003 წლიდან დაიწყო, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია და მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, 2009 წელს ფეხზე დადგომა შეძლო, თუმცა მკურნალობას კვლავ საჭიროებს.

როგორც ჟურნალისტი „ფორტუნასთან“ ყვება, მანამდე არა ერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა, დაფინანსება ვერ მიიღო.

„ახლა ჯანდაცვის სამინისტრომ მომთხოვა ექიმი, რომელიც დამიწერს, რომ მესაჭიროება უცხოეთში რეაბილიტაცია. თუ ასეთ ცნობას მივიტან, დამაფინანსებენ,“ – ამბობს ვასილ სილაგაძე.

სილაგაძე ამბობს, რომ ასეთი ცნობის მიღება ვერ შეძლო. მისივე ინფორმაციით, ყოფილი ჟურნალისტი მის მისაღებად რესპუბლიკური საავადმყოფოს სპორტული რეაბილიტაციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, რეაბილიტაციასაც გადიოდა.

„დეპარტამენტის უფროსმა, პალიკო კასრაძემ მითხრა, რომ თუ ასეთ ცნობას გასცემს, სამსახურს დაკარგავს. რატომ დაკარგავს მიზეზი არ უთქვამს, თუმცა მივხვდი, რომ ზოგადად არ გასცემენ ასეთ ცნობას, გაფრთხილებული არიან, რომ არ გასცენ. ამიტომ, რეაბილიტიის მოთხოვნას დავამატე პარლამენტის თავმჯდომარესთან მოთხოვნა, პარლამენტის დამტკიცებულია მინისტრი და ახლა ამაზე პასუხი გამცენ,“ – აღნიშნავს ვასილ სილაგაძე.

„ფორტუნა“ საკითხის გასარკვევად რესბულიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ რეაბილიტაციის ის პროცედურები, რომლის დაფინანსებასაც ვასილ სილაგაძე საზღვარგარეთ ითხოვდა, ხელმისაწვდომია საქართველოშიც.

საავადმყოფოში განმარტეს, რომ ცნობას საზღვარგარეთ მკურნალობა-რეაბილიტაციის საჭიროებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, როცა პაციენტს ისეთი ჩარევა სჭირდება, რომლის უზრუნველყოფაც საქართველოში ვერ ხერხდება.

„ფორტუნა“ ასევე დაინტერესდა, რამდენი ასეთი ცნობა აქვს წელს გაცემული რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობის ან რეაბილიტაციის პროცედურების საჭიროებაა დაფიქსირებული, რაზეც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ კლინიკა “ემერჯენსის” ტიპისაა და მსგავსი ცნობები აქედან გამომდინარე, ხშირად არ გაიცემა.

ვასილ სილაგაძე სხვადასხვა პროცედურებს 2003 წლიდან იტარებს, 4 წელია მოძრაობა შეუძლია, თუმცა, მუდმივი ტკივილები აქვს მარჯვენა ქვედა კიდურში და ამავე ფეხს თითქმის ვერ ამოძრავებს, ვერ ამოძრავებს მარჯვენა ხელსაც. ვასილ სილაგაძე ახლა “ნიუჰოსპიტალში” მკურნალობს. ამბობს, რომ თითო პროცედურას, რომელსაც 3-4 თვეში ერთხელ იტარებს, მინიმუმ 600 ლარი სჭირდება, უკეთესობის იმედს კი, მაინც არ აძლევენ. როგორც აღნიშნავს, სხვა პასუხი აქვთ გერმანიის კლინიკებს.

„აქ მეუბნებიან, რომ ძველი ტრავმაა და არაფერი მეშველება. გერმანიაში გავაგზავნე დოკუმენტები და 3 კლინიკიდან მოვიდა პასუხი, რომ მკურნალობას ექვემდებარება. ბოლო კომუნიკაცია „პაუელ მედში“ მქონდა, სადაც მითხრეს, რომ 75% აღდგება. აქ მეუბნებიან, რომ იქ რა თანხაც უნდა დავხარჯო, სჯობს აქ მოვიტანო და აქ გავიარო რეაბილიტაცია. პერიოდულად ხელი და ფეხი მისივდება და პროცედურებს, რომელიც უნდა ჩავიტარო, 600 ლარი სჭირდება, რომელიც ბლის ხეს არ აქვს მოსხმული,“ – ამბობს ვასილ სილაგაძე.