LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია გლდანში: გარე მოვაჭრეებს საქმიანობა კვლავ ღია ცის ქვეშ მოუწევთ?!

105

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან გაძევებულმა გარე მოვაჭრეებმა, აქცია გამართეს იმ ბაზარში, სადაც სამომავლოდ, ვაჭრობა უნდა დაიწყონ.

ე.წ. გარე მოვაჭრეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათ მერიის მიერ დაპირებული კეთილმოწყობილი ფართები არ დახვდათ.

„არ არის ადგილები გათვალისწინებული ჩვენთვის, ასევე არ არის გადახურული მთლიანი ტერიტორია“, – განაცხადეს მოვაჭრეებმა.

მათთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მერიას აღებული ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ.

პოლიტიკური პარტიის ადგილზე მისვლა გააპროტესტეს ბაზრის ადმინისტრაციაში. მათ პარტიის წარმომადგენლებს ბაზრის ტერიტორიის გარეთ გასვლა მოსთხოვეს, რადგან მათი თქმით, აქცია პარტიის მიერ იყო ორგანიზებული და პროტესტის გამო, სავაჭრო პროცესი ჩაიშალა.

რაც შეეხება გარე მოვაჭრეების მოთხოვნებს, ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოვაჭრეები ბაზარში სპონტანურად შევიდნენ და მათ კეთილმოწყობილი ფართი სწორედ ამიტომ არ დახვდათ.

ბაზრის დირექტორის ზურაბ ნადარაიას განცხადებით, გარემოვაჭრეებისთვის სხვა ბაზარში იყო ადგილი გამზადებული, თუმცა მოვაჭრეებმა მეტროსთან ახლოს ბაზარში განთავსება მოითხოვეს.

ნადარაია ამბობს, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული არ იყო. მისი თქმით, ამის გამო, შესაძლოა გარე მოვაჭრეებისთვის გადასახადთან დაკავშირებით 6 თვიანი შეღავათიც არ დაწესდეს.

„სანამ მათ მყიდველები არ ეყოლებათ, მანამდე გადასახადებს არ გადაიხდიან. თუმცა, იმ გარემოვაჭრეების გარდა, რომლებზეც შეთანხმება იყო, ბაზარში სხვა ხალხიც შემოდის… როგორ დარეგულირედება სიტუაცია, ვაჭრობის პროცესი გვიჩვენებს, როცა ახალი მოვაჭრეები ბაზარში მყიდველებს მიიჩვევენ და შემოსავალიც დარჩებათ ისინი ფულსაც გადაიხდიან. ვინც ვერ ივაჭრებს და არ გადაიხდის, გამოდის რომ მას მყიდველი არ ჰყავს და ადგილს ტყუილად აცდენს“, – განაცხადა ნადარაიამ.

ნადარაიას თქმით, დროთა განმავლობაში ბაზრის ადმინისტრაცია, სავაჭრო ადგილების კეთილმოწყობას უზრუნველყოფს. პირველ რიგში კი ბაზრის გადახურვა იგეგმება.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მათ ამის თანხა არ აქვთ, თუმცა მოიძიებენ და მოვაჭრეების ადგილების მოწყობას უზრუნველყოფენ.

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები 25 აპრილს აიღეს.