LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციების მიზანი იქნება, სამართლიანობა აღდგეს – მოკლული დავით სარალიძის მამა

43

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, თვალთვალთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საგამოძიებო უწყებიდან არავინ დაკავშირებია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებისთვის ოფიციალურ მიმართვას არ გეგმავს, ვინაიდან, აქამდე მოთხოვნილ საქმეებზე, მას არ აქვს ინფორმაცია, რა რეაგირება განხორციელდა.

რაც შეეხება აქციებს, სარალიძე განმარტავს, რომ მას მხოლოდ ერთი მოთხოვნა ექნება – “სამართლიანობა აღდგეს”.

“მარტო ეს ორი ადამიანი, რომელიც დღესდღეობით ბრალდებულის სკამზე ზის, არაა დამნაშავე. მათ გარდა არის კიდევ ორი ადამიანი მინიმუმ, რომლებმაც დაჭრის ფაქტში მიიღეს მონაწილეობა,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის განცხადებაზე, რომ მას უთვალთვალებენ, შესაბამისი უწყება მოკვლევას აწარმოებს.

როგორც პროკურორმა განმარტა, სარალიძეს უწყებისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს, თუმცა გენერალურმა ინსპექციამ განცხადების გაკეთების შემდეგ, საქმეზე მოკვლევა დაიწყო. ფხაკაძის თქმით, სწორედ ამ მოკვლევის შემდეგ დადგინდება, ჰქონდა თუ არა თვალთვალის ფაქტს ადგილი.

რაც შეეხება მოკლული მოზარდის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციებს, პროკურორის თქმით, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება. აქვე პროკურორმა დასძინა, რომ პროკურატურა ყველანაირ პოლიტიკურ განცხადებებს ემიჯნება.

პროკურორი ასევე, სიცრუეს უწოდებს, იმ ფაქტს, რომ მირზა სუბელიანს მფარველობს პროკურატურა. მან ასევე განმარტა, რომ გამოძიების მოცემულ ეტაპზე მირზა სუბელიანის, ასევე სხვა პირის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი სტანდარტით არ მოიპოვება. მისი თქმით, დანაშაულში სხვა პირების შესაძლო მონაწილეობაზე გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალდება, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ყველა პირის წინააღმდეგ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას, იმის მიუხედავად, თუ სად მუშაობს ან მუშაობდა აღნიშნული ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები