LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას – შსს “ბასიანში” მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

35

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ ბასიანსი მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება. საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამინისტროს ძალადობის ყველა ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე, უწყება არდაუშვებს პოლიციელზე თავდამსხმელის დაუსჯელობას.

შსს–ს ცნობით, შემთხვევის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.

“დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.

ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული”, – განაცხადა ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა.

ბრალდებულმა, რომელიც გირაოთი გათავისუფლეს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ამავე ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბი „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები