LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო – ალეკო ელისაშვილი

52

პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია. აღნიშნულის შესაძლებლობა ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში არ გამორიცხა.

როგორც მან აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, “ქართული ოცნების” კანდიდატი წარადგინა.

“სიმართლე გითხრათ, გაუგებარი იყო ჩემთვის მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაესახელებინა „ოცნების“ კანდიდატი. ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერის ხასიათი ძალიან წამიხდა. ამიტომ ახლა ბევრს ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მხვდება და მელაპარაკება, ხომ არ ვიფიქრებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია – კონსტიტუციის მიხედვით ბოლო არჩევნებია, როცა ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ ძალიან გაუგებარი წესით აირჩევენ. სულ ველოდები ბოლო წამამდე, რომ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, ვინც იქნება მებრძოლი, პრინციპული, თანმიმდევრული, თუმცა ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი მიჩიჩინებს, რომ ვიფიქრო საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მმართველ გუნდს არ ეყოლება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი.

“სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ კანდიდატი იქნება. სიტყვაში იტყუება ივანიშვილი, რომ ვითომ მხარს არ უჭერენ, სინამდვილეში კი მხარს უჭერენ და აბა, ვისი კანდიდატია?!” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პოზიციაა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები