LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება 13-14 წლის ბავშვები მარიხუანას ეწეოდნენ და ეს უმკაცრესად არ ისჯებოდეს – უმრავლესობის შეფასებები საპატრიარქოს პოზიციაზე

95

საპატრიარქოს პოზიციას, რომ ნარკომანიით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს, მიესალმება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

“საქართველოს ეკლესიას ძალიან დიდი როლი ჰქონდა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებულებისთვის პროფესიული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურება და სერვისები არ გააჩნდა. მათი რეაბილიტაცია ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეკლესიის წიაღში ხორციელდებოდა,”- განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ ნარკომომხმარებლებისა და ნარკოგამსაღებლების მიმართ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს პოზიცია თანმხვედრია.

“ის, რომ ბრძოლა გამსაღებლებთან უნდა გამკაცრდეს, ესეც ჩვენი ნარკორეფორმის შემადგენელი ნაწილია. ასევე საპატრიარქოს პოზიციაა, რომ ნარკომომხმარებელი მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს,”- განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგია.

„მე დღევანდელ მოცემულობაში ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. იმ პირობებში, როდესაც პრევენცია არ არსებობს, ახალგაზრდებსა და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია არ მიეწოდება, რომ ყველა ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მიღება სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს,  ამ პირობებში ლეგალიზაცია დაუშვებელია.

იმ პირობებში, რაც ორი წლის წინ პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა, მართლაც ხშირ შემთხვევაში ცოტა გაურკვევლობაა და საკანონმდებლო ვაკუუმია. მე ვემხრობი მკაცრ რეგულირებას, რომ არ შეიძლება 13-14 წლის ბავშვები მარიხუანას ეწეოდნენ და ეს უმკაცრესად არ ისჯებოდეს,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილიც და აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია ყველასთვის საინტერესოა.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა გავლენას საპატრიარქოს პოზიცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხები უნდა გაიმიჯნოს.

„საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოების ყველა წევრისთვის საინტერესოა. ჩვენ გვექნება კონსულტაციებიც და მსჯელობაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში საზოგადოების დიდი ნაწილი იყოს ჩართული და მოვისმინოთ ყველა შესაძლო არგუმენტი,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, განცხადებაში მოცემულ ბევრ საკითხზე საუბარი უკვე იყო და განცხადებაში რაიმე რადიკალური არ ყოფილა.

„საპატრიარქოს განცხადებაში მე ვკითხულობ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენც გვქონდა მსჯელობა. საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია სარეაბილიტაციო დაწესებულებების შექმნა, მკურნალობა მომხმარებლებისთვის და აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსების შექმნა. ეს არის მომხმარებლების მკურნალობასა და მათ შემცირებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება გასაღებას, ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრეს კონტროლზე იქნება აყვანილი,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

სინოდის პოზიციას გამოეხმაურა დეპუტატი არჩილ თალაკვაძეც. როგორც მან აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში უმრავლესობის მიდგომები და პრინციპები ცალსახად დეკლარირებულია.

„ჩვენ პრევენციის გაძლიერებას მხარს ვუჭერთ. მხარს ვუჭერთ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის დახმარებას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას. ასევე მხარს ვუჭერთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან სამართალდამცავთა ბრძოლას. ეს ის სამი მნიშვნელოვანი პრინციპია, რაზე დაყრდნობითაც რეფორმა განხორციელდება,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს საპატრიარქომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრები მიიჩნევენ, „კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები