LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება არჩევნებში შედეგის მისაღწევად ყველაფრის კადრება – კახა კალაძე კანაფის კულტივაციაზე

39

„არ შეიძლება „არგუმენტი“ იყოს ლანძღვა და შეურაცხყოფა, არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება და არჩევნებში შედეგის მისაღწევად ყველაფრის კადრება,“ – პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებით, თბილისის მერისთვის მისასალმებელია. ამის შესახებ კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს.  კალაძის თქმით, წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ინფორმაციისა და დისკუსიის დეფიციტია.

„ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა კანონპროექტის გარშემო პოლიტიკოსების, სპეციალისტებისა და საზოგადოების მსჯელობა და დებატები, თუნდაც მწვავე პოლემიკა, პოლიტიკური სუბიექტების მიერ არგუმენტირებული აზრის გამოხატვა და ელექტორატის ინტერესების დაცვა. თუმცა, ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ხდება, არ არის ჯანსაღი მოვლენა – არ შეიძლება „არგუმენტი“ იყოს ლანძღვა და შეურაცხყოფა, არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება და არჩევნებში შედეგის მისაღწევად ყველაფრის კადრება.

„არ შეიძლება მოსახლეობაში დუღილის ტემპერატურის ხელოვნურად მატება და შემდეგ, ჭორებითა და დეზინფორმაციით ამის მართვა. არ შეიძლება, რადგან ეს ქვეყანა პირადი თუ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღმა უნდა აღვიქვათ. ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ისეთი მომავალი, სადაც პროცესებს არ მართავს სიძულვილი და უპასუხისმგებლობა. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

„აშკარად გამოჩნდა, რომ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ინფორმაციისა და დისკუსიის დეფიციტი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, მით უმეტეს გადაწყვეტილება, რომელიც ესოდენ მგრძნობიარე საკითხს ეხება, უსათუოდ საზოგადოების ინფორმირებისა და ფართო დისკუსიის საფუძველზეა მისაღები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჯანსაღი დისკუსიის წარმართვა და თავიდან ავიცილოთ ამ დისკუსიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება,“ – წერს „ფეისბუქზე“ კახა კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ არსებობს საფრთხე, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, მიიღებენ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები