LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ უნდა შეგვეშინდეს გახსნილად საუბარი სუიციდზე” – ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, გიორგი დონაძე  

შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში დაფიქსირებულია თვითმკვლელობის 197 ფაქტი, მათ შორის 2 ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა 115-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნების არსებობის გამო.

სუიციდის თემა არ დაიყვანება ერთ ან რამოდენიმე ფაქტორზე, მაგრამ კავშირი არსებობს ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა სუიციდის მცდელობა წარსულში, დეპრესია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა, ცხოვრების საზრისის დაკარგვა, გამოუვალობის შეგრძნება,  და ა.შ. – ამ მიზეზთა ერთობლიობა მთლიანობაში ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს და რისკს ზრდის სუიციდის. ფსიქოლოგთა თქმით, სუიციდის მაჩვენებლით საქართველო კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, გიორგი დონაძე, განმარტავს, რომ ასაკის, სქესის და რეგიონის მიხედვითაც კი სუიციდის გამოწვევი მაჩვენებლები განსხვავებულია. მისი თქმით, განსაკუთებით მძიმე სურათი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. „ფორტუნას“ კითხვებს სწორედ გიორგი დონაძემ უპასუხა.

  • ექვს თვეში თვითმკვლელობის ორასამდე შემთხვევა არის თუ არა დიდი მაჩვენებელი საქართველოსთვის?

გიორგი დონაძე: ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება, მიუხედავად ამისა, შსს-ს წლევანდელი სტატისტიკური მაჩვენებელი საგანგაშოდ შეიძლება არ ჩავთვალოთ, მაგრამ მიუხედავად თითოული ჩვენგანის, სახელმწიფოს ვალდებულება იზრუნოს პრევენციაზე და დანერგოს პრევენციის ეფექტური პროგრამები, რათა მოხდეს სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.  

  • როგორია მსოფლიო სტატისტიკა და რა ადგილი უკავია საქართველოს სუიციდის მაჩვენებლით?

გიორგი დონაძე: საქართველო მსოფლიოში სუიციდის მაღალი რიცხვით არ გამოირჩევა, მაგრამ კავკასიას რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჩვენს ქვეყანას აქვს.

  • რა არის სუიციდის გამომწვევი მიზეზები?

გიორგი დონაძე: რამდენიმე მიზეზზე შეიძლება საუბარი. ეს არის:

  –  ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ან მისი ხშირი მომხმარებლები;  

      –   ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები;ადამიანები, რომლებიც განიცდიან ან გადაიტანეს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა, აქვთ  მძიმე სომატური(სხეულებრივი) დაავადებები;

      –   ადამიანები, რომლებსაც არავინ ჰყავთ ან თავს გრძნობენ ყველასგან გარიყულად და მიტოვებულად;

      –   წარსულში სუიციდის მცდელობის მქონე პირები;

      –  ოჯახურ ისტორიაში სუიციდის მცდელობის მქონე პირები; 

      –  ხშირ შემთხვევაში ეს არის დეპრესია, ცხოვრების აზრის დაკარგვა, სოციალური კონტაქტების დაკარგვა, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი არსებობს. მოზარდების შემთხვევაში შეიძლება იყოს კონფლიქტი თანატოლებთან, ოჯახთან, ზრდასრულის შემთხვევაში – სამსახურის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღირსების შელახვა, ემოციური კავშირების რღვევა და ა.შ. 

  • თვითმკვლელობა ქალების შემთხვევაში უფრო ხშირია თუ მამაკაცების?

გიორგი დონაძე: მამაკაცების შემთხვევაში, რადგან მეთოდებს შორის არის განსხვავება. მცდელობა ქალებში უფრო ხშირია. მეთოდები კაცებთან უფრო ძალადობრივია, ვიდრე ქალებთან.

  • რა ასაკში უფრო ხშირად მიმართავენ სუიციდს?

გიორგი დონაძე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ასაკი 15-დან 29 წლამდე მერყეობს. ამ ასაკში თვითმკვლელობის რიცხვი ყველაზე დიდია. 

  • რეგიონებში უფრო ხშირია თვითმკვლელობა თუ ქალაქებში?

გიორგი დონაძე: შსს-ს და საქსტატს არ აქვთ სუიციდის ეფექტური მაჩვენებლები იმიტომ, რომ არ არის ზუსტი აღრიცხვიანობა. ეს რიცხვი შეიძლება რეალურად უფრო დიდი იყოს. რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადი არის, გამოყოფილად ისეთი რეგიონები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობითაა წარმოდგენილი. ასეთ რეგიონებში ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა და ხშირად ქალები თვითმკვლელობის მიზნით, ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ.

  • არსებობს მოსაზრება, რომ თვითმკვლელობა იწვევს თვითმკვლელობას. ეთანხმებით?

გიორგი დონაძე: ამას ე.წ. „გადამდებ სუიციდს“ ვუწოდებთ. რეგიონში როცა ხდება სუიციდი, ეს საკმაოდ ტრავმული მოვლენაა, აისახება არა მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, არამედ რეგიონის გარკვეულ ტერიტორიაზე და შესაძლოა, მაშინ, როცა ეს მოვლენა არ არის მონელებული, ვიღაცამ კვლავ სუიციდალურ ქცევას მიმართოს, განსაკუთებით ოჯახის წევრებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ტაბუ მოიხსნას და საზოგადოებაში ღიად ვისაუბროთ, დავეხმაროთ იმ პირებს, ვინც გლოვობს თვითმკვლელობით გარდაცვლილ ახლობელს, ან თავად აქვს სუიციდური აზრები, ვინც მარტოა და გვერდში დგომა სჭირდება. არ უნდა შეგვეშინდეს გახსნილად საუბარი სუიციდზე, მნიშვნელოვანია მითების მსხვრევა. 

  • როგორ უნდა მოხდეს სუიციდის პრევენცია?

გიორგი დონაძე: ეფექტური პრევენციის მექანიზმები რამდენიმე ფაქტორს მოიცავს მათ შორის:

      –   ამ თემაზე  ვისაუბროთ, რათა დავძლიოთ არსებული სტიგმა, მათ შორის  მედიის მიერ  სუიციდის შემთხვევების სათანადო პასუხისმგებლობით გაშუქება უნდა მოხდეს;

      –  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სუიციდის პრევენციის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კრიზისის მართვის საკითხებში.

      –  იდენტიფიკაცია და იმ პირების მკურნალობა, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა, ქრონიკული ტკივილი, წამალდამოკიდებულება და მძიმე ემოციური დისტრესი აღენიშნებათ;

      –  სუიციდის რისკის მქონე პირის ადრეული იდენტიფიცირება, შეფასება, რეფერალი  სპეციალისტთან, მკურნალობა;

      –  ეპიდემიოლოგიური დაკვირვება, ინტეგრირებული მონაცემთა შეგროვების სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც გაადვილებს მაღალი რისკის პირის, ჯგუფების და სიტუაციების გამოვლენას;

      –  ვიზრუნოთ და მხარიდავუჭიროთ იმ პირებს, რომელთაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა.   

  • ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომელსაც უკავშირებენ თინეიჯერებსა და არასულწლოვნებში თვითმკვლელობის რიცხვის გაზრდას. რატომ ხდება მოზარდებში სუიციდი?

გიორგი დონაძე: ბავშვებსა და მოზარდებში ადგილი აქვს, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ აყოლას. ისინი მუდმივ ექსტრემალურ შეგრძნებებს ეძებენ და ეს თამაში სწორედ ექსტრემალურად მოიაზრება. თითქოს მარტივი დავალებები აქვს, შემდეგ კი ჩაყოლა ხდება. მოზარდები ხშირ შემთხვევაში გარიყულად, მარტოსულად გრძნობენ თავს და სურთ, რაიმე ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და აქედან გამომდინარე, მოწყვლადები არიან მსგავსი ტიპის თამაშების მიმართ, რაც მათ უქმნის ჯგუფში ჩართულობის, მიკუთვნებულობის განცდას. ეძებენ იმ ჯგუფებსა და ადამიანებს, ვისაც მიეჯაჭვებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ამ დროს ყურადღებით იყვნენ და ღია, გახსნილი ურთიერთობა ჰქონდეთ ბავშვებთან.

 

თათია კაკიაშვილი