LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერიც არ შეცვლილა: თბილისში პარკირების სისტემა იგივე დარჩა

325

კომპანია „სითი პარკის“ ბაზრიდან გასვლის შემდეგ ქალაქში პარკინგის კონტროლს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ აგრძელებს. კონტროლიორებს, რომელთა ძირითადი ნაწილი „სითი პარკის“ ყოფილი თანამშრომელია, ახალი სპეც. ფორმები და ტექნიკა დაურიგდათ. ჩვეულ რეჟიმში ხდება არასწორად დაპარკინგებული ავტომობილის ევაკუატორით გადაყვანაც. ამ ეტაპზე ქალაქში 4 ევაკუატორი მუშაობს, თუმცა ტენდერის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი 10-მდე გაიზრდება.

არ შეცვლილა ევაკუატორით გადაყვანილი მანქანების ავტოსადგომის ადგილმდებარეობაც. სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება იგივე კომპანიებთან გააფორმა, რომლითაც „სითი პარკი“ სარგებლობდა. შესაბამისად, თქვენს გადაყვანილ ავტომანქანას ნაცნობ ავტოსადგომზე შეგიძლიათ მიაკითხოთ. შეგახსენებთ, თბილისის ტერიტორიაზე რამდენიმე სპეციალური ავტოსადგომია გამოყოფილი, მისამართებზე: ცაბაძის ქუჩა 8, აღმაშენებლის გამზირის 164, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ვარკეთილში და  ქავთარაძის ქუჩის 19-ში (ცხელი ხაზი: 293 44 44).

ცვლილება არ შეხებია პარკირების საფასურსაც. თბილისის ქუჩებში პარკინგის გადასახადი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

  • 1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).

 

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის, თამაზ რობაქიძის ინფორმაციით, სამუშაო პროცესი ქალაქში 10 აპრილიდან დაიწყო.

„ქალაქის მერიამ შეცვალა მხოლოდ პარკირების ოპერატორი კომპანია და არა პარკირების სისტემა. შესაბამისად, როგორც პარკირების საფასური, ასევე ჯარიმების ოდენობაც იგივე რჩება, უცვლელია ჯარიმების მიწოდების ფორმაც. ხელშეკრულება რამდენიმე საკურიერო ფირმასთანაა გაფორმებული, დეტალური ინფორმაცია ფასებზე, ჯარიმებსა და საპარკინგე ადგილებზე ვებ -გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ”, – განმარტავს „ფორტუნასთან“თამაზ რობაქიძე.

„ სითი პარკის“ ჩანაცვლების შემდეგ, ერთადერთი, რაც შეიცვალა, კომპანიის ლოგოა სწრაფი გადახდის აპარატებში. ამჟამად ჯარიმის ან პარკინგის საფასურის გადახდისას “თბილისის პარკინგის” ლოგოთი აღნიშნული სერვისი უნდა გამოიყენოთ. ჯარიმის გადახდა შესაძლებელია, საბანკო დაწესებულების, ვებგვერდის ან სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

 

თამუნა გოგუაძე