LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ამ თვეში გაიზარდა

46

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი თებერვლისათვის 17.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 167.8 მლნ ლარით ანუ 1.0 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე იანვარში დეპოზიტების მოცულობა 0.6 პროცენტით შემცირდა).

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 396.3 მლნ ლარით ანუ 4.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 228.6 მლნ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ 4.3 პროცენტი შეადგინა).

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.12 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  3.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.1 პროცენტი შეადგინა.