LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ხარვეზები გამოავლინა

67

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრაქტიკაში სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სათანადო განხორციელება ვერ უზრუნველყო, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოამზადეს.

ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო პრაქტიკაში სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სათანადო განხორციელება. ასევე, არ მოახდინა მოსამართლეთა დისციპლინირების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების იმპლემენტაცია, მათ შორის, დაგვიანდა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნა.

ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს საბჭოს საქმიანობაში მისი შემადგენლობის განახლებას არსებითი ცვლილება არ მოჰყოლია. ანგარიშში ერთ-ერთ პრობლემადაა დასახელებული საბჭოში განსხვავებული აზრის დევნა და მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფის გავლენების დემონსტრირება.

არასამთავრობო სექტორი კანონმდებლობის ხარვეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბჭოს საქმიანობა საკანონმდებლო დონეზე სათანადოდ დარეგულირებული არ არის. ანგარიში საბჭოს მხრიდან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დახურვაზე მიუთითებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზეც აკეთებენ აქცენტს და მიუთითებენ, რომ პროცესი გაუმჭვირვალეა, ბუნდოვანია როგორც გასაუბრების, ასევე კანდიდატის შეფასების პროცესი.

ანგარიშში სასამართლო სისტემაში ახალი კადრების სიმცირეზეცაა საუბარი და, ასევე, მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები.

ანგარიშის ავტორები იმედოვნებენ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს გაითვალისწინებენ როგორც საბჭო, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება.