LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაპარლამენტო ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატს 21 აგვისტოს დაასახელებს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებმაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია შექმნეს, თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატს ორშაბათს, 21 აგვისტოს, წარადგენს. ოპოზიციური ძალები – „ახალი საქართველო“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ კონსულტაციებს ამ დრომდე განაგრძობენ.

აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა “დემოკრატიული მოძრაობისა” და “თავისუფალი საქართველოს” ლიდერებმაც გამართეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას, თქმით, კოალიციაში არაერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის გაერთიანებით და თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის წარდგენით „პრაქტიკულად გარანტირებული გამარჯვების წინაპირობა“ იქმნება.

ვინაიდან უკვე გამოიკვეთა რეალური სურათი, ჩვენ უახლოეს დღეებში დავასრულებთ კონსულტაციებს ოპოზიციის იმ ნაწილთან (უპირველეს ყოვლისა, „დემოკრატიულ მოძრაობასთან“), რომელმაც მკაფიოდ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა გაერთიანებაზე და ორშაბათს, 21 აგვისტოს, დავასახელებთ თბილისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატებს, – განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავას თქმით, “თავისუფალ საქართველოს” მიაჩნია, რომ უმჯობესია, თბილისის მერობის კანდიდატად ისეთი პირი წარადგინონ, რომელიც არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ იქნება.

გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატად პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, წარადგინეს. პარტიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში ინაშვილი გამართავს ბრიფინგს, სადაც ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრებს.

მზად ვართ, გავითვალისწინოთ ის წინადადებები, ინიციატივები, რასაც  ოპოზიციური პარტიები გვთავაზობენ. მაგალითად, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, გვეყოლება თუ არა საერთო კანდიდატი. ის შესაძლოა, იყოს ჩვენი წარმომადგენელი, ან ნეიტრალური კანდიდატი, შესაძლოა იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი,” – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის, განცხადებით, პარტია მზადაა, ერთიანი ოპოზიციური გაერთიანებისთვის კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან აწარმოოს, გარდა „ნაციონლური მოძრაობისა“.

ბურჯანაძის თქმით, „დემოკრატიულ მოძრაობას“ მერობის ღირსეული კანდიდატი – დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყავს, ოპოზიციური ძალების გაერთიანების შემთხვევაში კი, პარტია მზადაა, ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შერჩევისთვის იმსჯელოს.

ამ არჩევნებზე ნამდვილად შევძლებთ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გარდატეხის შეტანას. ჩვენ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებისთვის, კომპრომისისთვის მზად ვართ, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის, თქმით, საარჩევნოდ ის არ აპირებს ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებაში გაწევრიანებას:

ოპოზიციას, ვინც უნდა, კანდიდატად ის წარადგინონ, დანარჩენ შედეგებს გვაჩვენებს არჩევნები. მე არ ვაპირებ არანაირ პრაიმერებში და მსგავს განხილვებში მონაწილეობას. დედას ვფიცავარ, მე დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ და რატომღაც ამას ვერ იჯერებენ. ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების დროს, ყველა კანდიდატურას ამომრჩეველი თავად შეაფასებს,– განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს და თბილისის მერობის კანდიდატები დაასახელეს, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეთავაზებას სკეპტიკურად შეხვდნენ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და „ევროპულ საქართველოშიც“ ფიქრობენ, რომ პროდასავლური ოპოზიციური ძალების გაერთიანება არჩევნების მეორე ტურში „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ უნდა მოხდეს.

 

 

თათია კაკიაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები