LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორი, მოადგილე და მანდატური დაიკითხნენ

54

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში  51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე და სკოლის მანდატური დაიკითხნენ.

თუ რა ჩვენები მისცეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დახურულ სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობენ.

სასამართლომ დღევანდელ პროცესზე დასაშვებად ცნო ადვოკატების შუამდგომლობა. ისინი საქმისთვის მტკიცებულების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დართვას ითხოვდნენ. ბრალდების მხარის შეფასებით, ეს დასკვნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სამედიცინო დასკვნის იდენტურია.

პარალელურად, დაცვის მხარე სხვადსხვა სახის ექსპერტიზების დანიშვნასა და უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ამ პროცედურებით დაცვის მხარე იმის დადგენას აპირებს, თუ რა სახის დაზიანებები ქონდათ არასრულწლოვნებს და ასევე, რამდენი დანა იყო გამოყენებული შემთხვევის დროს.

ექსპერტიზის ჩატარებას დაცვის მხარე მას შემდეგ გეგმავს, რაც ბრალდების ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება ხელოვნურად ჭიანურდება, რათა დაცვის მხარემ ალტერნატიული დასკვნის მომზადება ვერ მოასწროს.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე კი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მომზადება მათი კომპეტენცია არაა და ამ კვლევას ექსპერტიზის ბიურო ატარებს.

პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.