LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება

230

არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩაბმის თავიდან აცილების მიზნით მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება ე.წ. „სუტენიორობისათვის“, ხოლო არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისათვის სისხლისსამართლებრივი სანქციები წესდება.

“დღეს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად, თქვენ იცით, რომ მათ შორის, ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრუწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა მათზე ყოველგვარი ძალადობის გარეშე და ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით და პოლიციელი და პროკურორი რეალურად ბერკეტს მოკლებული იყო, ეს შეიცვლება,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის მუხლი – პროსტიტუციის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს, როგორც პროსტიტუციისათვის ადგილის დათმობას, რაც აქამდეც არსებობდა, ისე პირის დაყოლიებას პროსტიტუციაზე ან სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში.

აღნიშნული დანაშაულისათვის, ახალი ცვლილებებით, პასუხისმგებლობად გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ, პასუხისმგებლობა მძიმდება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. საკანონმდებლო ცვლილების პროექტი განხილულ და მოწონებულ იქნა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს 2017 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები