LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არც ხმის გამზომი აპარატურა აქვთ, არც ინფორმირებულები არიან” – მოქალაქეები კვლავ ხმაურს უჩივიან

112

უკვე ერთი დღეა თბილისში, ხმაური გარკვეულ ზღვარს ზევით დასჯადი გახდა. თუმცა დღეს, მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ღამით სხვადასხვა ტიპის ხმაური კვლავ აწუხებდათ, ზოგი კი წერს, რომ გუშინ ქუჩებში განსაკუთრებული სიმშვიდე იყო.

მწერალი პაატა ქურდაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ რეგულაციის გააქტიურებას წერს, რომ გუშინ, აბანოთუბნის მოსახლეობამ პოლიცია ოთხჯერ გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ.

მისი თქმით, ეკიპაჟებს არც აპარატურა ჰქონდათ და არც ინფორმაცია.

“გუშინ ღამით ოთხჯერ გამოუძახიათ აბანოთბნელებს პოლიცია – არც ხმის გამზომი აპარატურა აქვთ, არც ინფორმირებულები არ არიან, ისიც კი არ იციან როგორ დააჯარიმონ – ისევ თავს ისაწყლებენ. ჩვენ აბა რა შეგვიძლია. მხოლოდ ვთხოვთ. იქნებ ჩაუწიონ ცოტაო… სრული ტყუილი აღმოჩნდა თითქოს თვენახევარი ემზადებიოდნენ 15 აგვისტოსათვის. არავინ არაფრისთვის არ ემზადებოდა. უბრალოდ სეზონი გადააგორებინეს მედუქნეებს. რატომ გადააგორებინეს? არ ვიცი, მაგრამ ამ საქმეს კარგი სუნი რომ არ ასდის ეს ფაქტია. ამას უბრალო ენაზე აფიორა ქვია ამისთის პასუხი ნამდვილად უნდა აგოს ვინმემ. უნდა ახსნას მაინც”, – წერს სოციალურ ქსელში პაატა ქურდაძე.

გარდა ამისა, ვარკეთილის მოსახლეობა ღამით “ფოიერვერკების” ხმამ შეაწუხა. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, პატრული არ გამოუძახებიათ.

“ჩვეულებრივი ახალი წელი იყო. პატრული არ გამომიძახებია. ვერც დააფიქსირებდი სად იყო იმდენი კორპუსებია იქ”, – განაცხადა “ფორტუნასთან” ერთ-ერთმა მოქალაქემ.

“ფორტუნამ” ვითარების გარკვევა შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. როგორც შსს–ს პრესსამსახურში განაცხადეს, კანონის ძალაში შესვლიდან პირველ დღეს (ანუ გუშინ) საპატრულო ეკოპაჟები განსაკუთრებულად იყვნენ მობილიზებულები.

შსს-ს პაატა ქურდაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საპატრულო პოლიცია ინფორმირებული არ არის და არ აქვთ შესაბამისი აპარატურა, უარყოფს.

“ინფორმირებულებიც არიან და ტექნიკაც არის. ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუ ვინმემ ცოტა ხნით აუწია მუსიკა მანქანაში, ამას ვერ გავაკონტროლებთ. როდესაც ხმაურს ექნება განგრძობითი ხასიათი, პოლიცია, პირველ შემთხვევაში აუცილებლად გააფრთხილებს კანონდამრღვევებს (პირველ ჯერზე კანონში გაფრთხილებაა მითითებული, აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით)”, – განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა “ფორტუნასთან”.

გაეცანით ჩვენს სტატიას: ბურღი, “სვარკა” და მუსიკა: დღეიდან ხმაური დაისჯება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები