LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება – კახა კალაძე

56

მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენს მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონზე მაღლა თავისი ინტერესები არავინ უნდა დააყენოს.

“ზედამხედველობასთან მიმართებაში ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, იმისთვის, რომ სამსახურის სისტემური გაძლიერება განვახორციელოთ, მისი მუშაობის ეფექტიანობა გავზარდოთ. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. არცერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, ძალიან მომთხოვნები და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო სამშენებლო სექტორს, რომ დაიცვან მოთხოვნები და ნორმები, რომელიც ჩვენი მხრიდან არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში, 21 მარტიდან გაიზარდა ჯარიმები და ამ პერიოდიდან ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და გამოიწერა ჯარიმა 390 000 ლარი, პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი, სულ 160 000 ლარით; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოწერილ იქნა 5 ჯარიმა, ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობა არის 450 000 ლარი,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც დღეს ყიფიანის ქუჩაზე მოხდა. როგორც ცნობილია, მთაწმინდაზე კლდის მასა ჩამოიშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სავარაუდოდ, ამ ადგილზე, კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი” სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ დააყენებს კანონზე მაღლა საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალით უნდა შევძლოთ არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება თითოეული ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანესია და მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მათ მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული. ის, რაც დღეს ყიფიანის ქუჩაზე მოხდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და კიდევ ერთხელ მივმართავ ილია ელოშვილს, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ წარმოდგენილი იყოს, თუ რატომ მოხდა ეს ფაქტი“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები