LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლეში შევალ – დავით ბაქრაძე

37

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლეში შესვლას აპირებს. ამასთან, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დებატები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით მეათე ხარისხოვანია. მთავარი ამოცანა კი, ქმედითი პრეზიდენტის არჩევაა.

„არ ვაპირებ, ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუციებს. პრეზიდენტი არის სახელმწიფო ინსტიტუცია, პრეზიდენტის სასახლე, ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი და აქედან გამომდინარე, არჩევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე შევალ პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ ვაპირებ, ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც შენობაში ან შენობის კედლებში იქნება გამოკეტილი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მისი ამოცანა მუდმივად ხალხში ყოფნა იქნება.

„მთელი ეს დებატი და დისკუსია კაბინეტის თაობაზე, არის მეათე ხარისხოვანი, მეასე ხარისხოვანი და ასახავს იმ ფაქტს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის გაჭირვება. რა დროს კაბინეტზე დისკუსიაა, როდესაც ქვეყანაში არსებობს უამრავი პრობლემა. სინამდვილეში, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ავირჩიოთ ქმედითი პრეზიდენტი, რომელიც არ გამოიკეტება ერთ შენობაში, რომელიც იქნება ხალხთან და მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მთავარი სწორედ ესაა და არა რამდენი კვადრატული მეტრი ფართი უნდა ეკავოს პრეზიდენტს, პრემიერს ან თანამდებობის სხვა პირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები