LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არღვევს თუ არა კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონი პირადი ცხოვრების უფლებას

103

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონში რამდენიმე არსებული ნორმა, შესაძლოა, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას არღვევდეს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, სპეცსამსახურების შესახებ კანონში იმ ნორმებს ხდის სადავოს, რომელიც შეიძლება, დღეს არსებული ფორმით, კონსტიტუციით მინიჭებულ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევდეს.

როგორც მოსარჩელე მხარის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ, რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას განმარტა:

 

„საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, სადავოა ის ნორმები, რომლებიც შესაბამის უწყებებს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული ადამიანების მიმართ განახორციელონ ფარული აუდიო-ვიოდე -ფოტო ჩაწერა; ასევე, სადავოა ე.წ. შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალი, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი სატელეფონო თუ ელექტრონული კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობაც კი საკმარისია, რომ აღნიშნული კომუნიკაცია დაექვემდებაროს სამართალდამცავი უწყებების კონტროლს, მოხდეს კომუნიკაციაზე წვდომა, კომუნიკაციის ფარგლებში გადმოცემული ინფორმაციის გადაწერა და ა.შ. სარჩელის ინიციატორების პოზიციით, აღნიშნული მექანიზმებზე არ ვრცელდება სასამართლო კონტროლი, ამიტომ ისინი წარმოშობს ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის მნიშვნელოვან რისკებს და არის გაუმართლებელი.”

 

გურამ იმნაძის განმარტებითვე, არ ითხოვენ ამ მექანიზმების მთლიანად გაუქმებას, არამედ მოსარჩელე მხარე ითხოვს, შეიცვალოს მექანიზმი და გატარდეს სასამართლო კონტროლი. ეს ცვლილებები კი, იმნაძის თქმით, არ ასუსტებს უსაფრთხოების სამსახურებს.

„უბრალოდ, მათ მოუწვეთ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ უფლებამოსილებებს და ქმედებები, რომლებიც მოითხოვს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას, მხოლოდ ლეგიტიმური ინტერესისა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს”.

ამასთან, სასამართლო კონტროლში არ იგულისხმება მხოლოდ ნებართვის წინასწარი გაცემა. როდესაც არსებობს დაუყონებლივი მოქმედების აუცილებლობა სპეცსამსახურების მხრიდან, კანონმა უნდა დაარეგულიროს, რომ ღონისძიების დაწყების შემდეგ ან მისი მსვლელობისას, გაიცეს სასამართლო კონტროლის უფლება, რამდენად ლეგიტიმური ან აუცილებელი იყო პირად ცხოვრებაში ჩარევის საჭიროება“ – აღნიშნა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა.

ნათია ხუროშვილი

პოპულალურები