LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე შეგვრჩება ესტაკადების ქალაქი” – რა საფრთხეს შეიცავს იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე მერია ახალი სატრანსპორტო ესტაკადის აშენებას აპირებს.

ამის შესახებ თბილსის მერმა, კახა კალაძემ 17 აპრილს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ესტაკადის მშენებლობისთის 2 მლნ 700 ათასი ლარია გამოყოფილი და 5 თვეში დასრულდება.

მერიის განცხადებით, გზაგამტარი უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას უზრუნველყოფს, შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს და განტვირთავს მოძრაობას საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/1232654316838002/

მერიის მიერ შემოთავაზებული ამ ვიდეორგოლის საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ტრანსპორტის სპეციალისტების მიერ რეალური ნაკადების შესწავლით და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით სიმულირებული ვიდეო რგოლი, რომელიც განსხვავებულ სურათს ქმნის.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი ამბობს, რომ გზაგამტარი მის მთავარ ფუნქციას ვერ შეასრულებს, მილიონები ტყუილად დაიხარჯება, პრობლემა კი უფრო გამწვავდება.

როგორც “ფორტუნასთან” ორგანიზაცია “იარე ფეხით” პროექტების კოორდინატორმა, ხათუნა გველესიანმა განაცხადა, ახალი გზაგამტარი საცობებს ვერ განტვირთავს.

“რა გამტარიანობაც წარმოიქმნება ის ისევ შეივსება რამდენიმე წელიწადში ავტომანქანებით. 

ქვეითებისთვის სრულიად მიუვალი ხდება ამ მხრიდან იპოდრომის ტერიტორია. ამდენი არ უნდა იხარჯებოდეს, ასეთ პროექტებში. ამ თანხით, 100 ავტობუსის შეძენაა შესაძლებელი.

ასევე სრულიად დაუშვებელია 87 ხის მოჭრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა, N1 -ია ჰაერის დაბინძურების მხრივ”, – განაცხადა ხათუნა გველესიანმა, რომლის ორგანიზაცია დღეს ამ პროექტის შეჩერების მოთხოვნით მერიასთან აქციას მართავს.

მისივე თქმით, ბევრად უმჯობესი იქნებოდა ამ ადგილის შუქნიშნებით დარეგულირება, რომ გადაადგილება ქვეითებისთვისაც მოსახერხებელი იყოს და მძღოლებისთვისაც.

ამ პროექტის მეტი დასაბუთება და კვლევა შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა. პეტიციის სახით კი 2000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

ამავე პრობლემაზე წერს “არქიტექტურული ფორუმიც”.

 ახალ კვანძზე შეუფრხებლად და სწრაფად რომ გაივლის ნაკადი, მიადგება ახალ გზაჯვარედინს და ინჟინრები კიდევ ერთ ესტაკადას გამოაცხობენ.. და მერე, კიდევ ერთს და ასე შეგვრჩება ესტაკადების ქალაქი.

 ტრაგედია ისაა, რომ ( პეკინის გაცამლხრივების არ იყოს) განხორციელების შემდეგ არავინ შეაფასებს და იტყვის რომ ექსპერიმენტმა გაამართლა ან არ ივარგა. უბრალოდ ფული დაიხარჯება და იქ წავა ალბათ სადაც საჭიროა.

“არაფერს ისეთს არ აშავებს” არც პანორამა, არც ბილტმორი, არც ფსიქიატრიულის დანგრევა, არც პეკინის გაცალმხრივება – ცალ-ცალკე აღებული არც ერთი არაა ქალაქის პირწმინდად დამაქცევარი. მაგრამ ჯამში საშინელებაში ვცხოვრობთ, რომელიც ასეთი “პატარ-პატარა” დეტალებისგან შედგება.

საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვნას, მერია არ ითვალისწინებს და პროექტის განხორციელებას ამ არგუმენტების მიუხედავად, დამატებითი კვლევის გარეშე გეგმავს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები