LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი თამაშის ფუფუნება არ გვაქვს: სამშობლოში ამ ბიჭებით უნდა იამაყონ

112

რთული თამაში იყო, ისეთი, როგორი თამაშების ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს, – ასე აფასებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე კარდიფში, ორი დღის წინ ჩატარებულ ტესტ-მატჩს, სადაც ქართველი „ბორჯღალოსნები“ უელსელ „დრაკონებთან“ 13:6 დამარცხდნენ.

მორაგბეები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ გულშემატკივრები აეროპორტში ოვაციებითა და გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ.

„ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს ასეთი გულშემატკივრობისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოო ჯამში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კარგი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი ანგარიშია და ისე გამოვიდა, დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამამდე თითქოს უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. ფრე უნდა დაგვემთავრებინა, არ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია, რომ მომავალში ასეთი შანსები როცა გვექნება, გვეყოფა გამოცდილება იმისთვის, რომ ფრე დავამთავროთ”, – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა.

ანგარიშის მიუხედავად, ბორჯღალოსანთა თამაშით კმაყოფილია ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

„ბიჭების თამაშით მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთეს, თავი არ დაუზოგავთ. ტექნიკური წუნი გვქონდა ბუნებრივია. საწყენია ის, რომ თამაშის ბოლო წუთებზე გვქონდა იმის შანსი, ფრე დამთავრებულიყო თამაში. დაცვაში ძალიან დიდი ენერგია და თავდადება გამოიჩინეს ბიჭებმა, მაქსიმალური გააკეთეს“, – განაცხადა მაისაშვილმა.

უშუალოდ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მილტონ ჰეიგმა განაცხადა:

„რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ.
თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ“.

„ბორჯღალოსნები“ მორიგ შეხვედრას 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ამჯერად საქართველოს მეტოქეობას ამერიკის შეერთებულ შტატები გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები