LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა აზერბაიჯანის მთავრობას აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

44

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

გუშინ აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ მუხტარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

„აშშ შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხტარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, მას კონტრაბანდისთვის წაუყენეს ბრალი. ამ ბრალდებას ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ მუხტარლი. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხტარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეს „აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა. საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მუხტარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად საქართველო 11 ოქტომბერს დატოვა. 31 დეკემბერს აფგან მუხტარლის და და დისშვილები, აზერბაიჯანულ ქალაქ ზაქათალაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები