LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-რუსეთის ფორმატებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმა უმნიშვნელოვანესია – დავით ბაქრაძე

83

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში მოსმენა გაიმართა, თემაზე: „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი, U.S. Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

დავით ბაქრაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

“როცა ვსაუბრობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აშშ-ს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და ჟენევის მოლაპარაკებების თანამონაწილეს, განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ ქმედებებს, რასაც აშშ ახორციელებს საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მხარდაჭერა თვალსაჩინოა. საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესის, მთავრობის და ადმინისტრაციის მხრიდან. საქართველოს აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ეს პროცესი დადებითად ვითარდება არსებული ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ გვჯერა, რომ რთული და დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ შევძლებთ საქართველოში უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ამ მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია ყველა არსებულ საერთაშორისო და აშშ-რუსეთის ფორმატებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმა. სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩის თქმით, გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით აშშ-ს მტკიცე პოზიცია და მკაფიო გზავნილი, რუსეთის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევასთან მიმართებით.

„2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთოს და ეუთოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით,“ – აღნიშნა ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები