LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კათოლიკე მღვდლების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმეებს იძიებენ

60

აშშ-ის პენსილვანიის შტატში 1000-ზე მეტი არასრულწლოვანი 300 კათოლიკე მღვდლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შტატის პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მიერ რამდენიმე შეთხვევის იდენტიფიცირების შემდეგ, ასეულობით ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა, რომელიც ბოლო 70 წლის განმავლობაში ხდებოდა.

მთავარმა პროკურორმა, ჯოშ შაპირომ 884 გვერდიანი ანგარიში წარადგინა, რომელიც  ორწლიანი გამოძიების შემდეგ შეიქმნა. გამოძიების მასალები ეყრდნობა პენსილვანიის ექვსი ეპარქიიდან აღებულ საიდუმლო დოკუმენტების არქივს, მათ შორის კათოლიკე მღვდლების ხელნაწერ აღსარებებს.

„მღვდლები აუპატიურებდნენ პატარა გოგონებს და ბიჭებს, სამღვდელოება ფაქტებს წლების განმავლობაში მალავდა. მონსინიორები, ეპისკოპოსები, არქიეპისკოპოსები და კარდინალები ძირითადად დაცულნი იყვნენ,“ – აღნიშნა შაპირომ.

პენსილვანიის შტატის მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ ეს არის აშშ-ში კათოლიკე მღვდლების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ყველაზე მასშტაბური ანგარიში აშშ-ის ისტორიაში. გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი კათოლიკე მღვდლების ნაწილი გარდაცვლილია, ამჟამად კი გამოძიება ორი მათგანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

პენსილვანიის მთავარმა პროკურორმა 25 ივლისს რომის პაპს გაუგზავნა წერილი და საქმის მიმდინარეობისას დახმარება სთხოვა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა მსხვერპლმა, რომელიც გამოძიებას ჩვენებას აძლევდა, თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ კათოლიკე მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტები შესაძლოა კიდევ გამოვლინდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები