LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასი წელი 1917 წლის რევოლუციიდან და მისი შედეგები დღეს – ინტერვიუ გია ნოდიასთან    

7 ნოემბრის სოციალისტური რევოლუციიდან 100 წელი გავიდა. 1917 წლის რევოლუციის შედეგად რუსეთის მმართველობის სათავეში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია მოვიდა, რასაც შემდეგ 70-წლიანი  კომუნისტური  რეჟიმის  დამყარება მოჰყვა.

დედამიწის  მეექვსედზე  არსებულმა  თითქმის საუკუნოვანმა უტოპიამ ნეგატიური  კვალი არა მარტო რუსეთსა თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, დანარჩენ მსოფლიოზეც დატოვა.

რა იყო ეს რევოლუცია და იყო თუ არა შანსი მისი სწორად განვითარების,  როგორია მისი გავლენა დღევანდელ პროცესებზე სხვადასხვა მიმართულებით, ამ საკითხებზე „ფორტუნა“ პოლიტოლოგ  გია ნოდიას ესაუბრა. 

გია ნოდია: კაცობრიობისთვის ეს იყო ერთგვარი წარუმატებელი ექსპერიმენტი. ეს იყო პირველი სახელმწიფო სისტემა, რომელიც აგებული იყო იდეოლოგიაზე ან ინტელექტუალურ ფანტაზიებზე. მან საკმაოდ დიდ ხანს გაძლო, იქცა მსოფლიოს პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ შემდეგ თვითონვე ჩამოიშალა.

კაცობრიობის ისტორიაში, თავისთავად, საინტერესო ეპიზოდი იყო, გარკვეული შედეგები დატოვა, მაგრამ ჯამში ეს იყო ერთგვარი გადახვევა განვითარების ძირითადი ხაზიდან.

  • სწორედ ამ შედეგებზე მინდა გკითხოთ, რა ნეგატიური შედეგები დაუტოვა ამ წარუმატებელმა ექსპერიმენტმა კაცობრიობას?

გია ნოდია: გარკვეული ქვეყნები შეფერხდნენ განვითარებაში. როცა არასწორი გზით მიდიხარ, მერე უკან მობრუნება და კიდევ წინ წასვლა გჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ჩამორჩები ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურად, სოციალური განვითარებით. მან დატოვა დამახინჯებულად, არასწორად განვითარებული ქვეყნების ერთობლიობა. 

  • როცა განვითარების შეფერხებაზე ვსაუბრობთ, აქ პირველ რიგში განსახილველია საქართველო, რომელსაც თავის კვალი დაამჩნია ამ წყობამ, რა გავლენა ჰქონდა ამას ყველაფერს საქართველოზე და დღეს თუ მოახერხა ქვეყანამ ამ გავლენისგან გათავისუფლება?

გია ნოდია: დღევანდელი საქართველო, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა. დამოუკიდებელ საქართველოს, რომელიც სამი წელი არსებობდა, ისეთი ღრმა კვალი არ დაუმჩნევია ქართულ საზოგადოებაზე,  რადგან ძალიან ცოტა ხანს არსებობდა. ჩვენ შევიქმენით საბჭოთა კავშირში, განათლების სისტემა, აკადემიური და ბიუროკრატიული ელიტები და ბევრი რამ შეიქმნა აქ. ამიტომ ჩვენი ცნობიერება, მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი გავიდა, საბჭოური რჩება, მაინც საბჭოური კატეგორიებით ვაზროვნებთ, ამ მემკვიდრეობიდან არ ვართ საბოლოოდ გამოსულები.

  • დღეს არსებული ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება საზოგადოებას, ქვეყანას ამ გავლენისგან გასათავისუფლებლად, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ სოციალისტური ტენდენციების გააქტიურებას.

გია ნოდია: ეს ვარიანტი სოციალისტური იდეებისა, რომელიც წამოვიდა, უფრო მეტად დასავლეთიდან მოდის, ვიდრე ჩვენი წარსულიდან, მაგრამ…  ერთი წელი ან ერთი კონკრეტული მოვლენა არ უნდა იყოს, რომლის შემდეგაც ვიტყვით, რომ მორჩა, ეს წარსულიც წავიდა.

ჩვენ ბევრ რამეში დავშორდით წარსულს. მაგალითად, „ვარდების რევოლუცია“ იყო ერთი ნიშანსვეტი, რომლითაც რაღაც ნაწილში, რაღაც სფეროებში, უარი ვუთხარით ამას. ამის შედეგად, ყველაფერი არ გამოვიდა ისე, როგორც გვინდოდა. 

ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, იცვლება და ვითარდება, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი რამ, როგორც განწყობებში, ისე ინსტიტუტებში, მაინც რჩება და ის, რომ უკვალოდ გაქრეს, ამას შეიძლება, დიდი დრო დასჭირდეს.

  • კომუნიზმს ხშირად ადარებენ ფაშიზმს, რამდენად ჰგავს ისინი ერთმანეთს?  

გია ნოდია: შედარება შედეგებით შეიძლება. პირველ რიგში, ორივეს უწოდებენ „ტოტალიტარიზმს“.  ეს არის ორი მოძღვრება, რომელიც საზოგადოების ყველაზე უფრო რადიკალურ და ყოვლისმომცველ კონტროლს ცდილობდა და რაღაც ზომით ახერხებდა და კომუნისტური სისტემა უფრო ტოტალიტარული იყო, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ უფრო მეტად ახერხებდა ცხოვრების ყველა მხარის კონტროლს. მეორე შედეგი ამ ორი წყობის არის მასობრივი რეპრესიები. მეოცე საუკუნეში ეს ორი რეჟიმი პრაქტიკულად იყო ის, რომელიც მილიონობით ადამიანს ხოცავდა. არც ერთ სხვა რეჟიმს ამ მასშტაბით რეპრესიები არ უწარმოებია.  

  • კომუნიზმზე და სოციალისტურ იდეოლოგიაზე  საუბრისას, ხშირად  მოჰყავთ ჩინეთის მაგალითი, რომელიც დღეს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა…

გია ნოდია: ეს წყობა, პრაქტიკულად, აღარ არის ჩინეთში. რა თქმა უნდა,  არის ავტორიტარიზმი და ერთი პარტიის ბატონობა, მაგრამ ეკონომიკაში მან სრულიად უარი თქვა კომუნიზმზე.  მართალია, სიტყვა „კომუნისტური“  შეინარჩუნა სახელწოდებაში, მაგრამ, პრაქტიკულად, მათი პროექტი უკვე მოჩვენებითადაც არ არის კომუნისტური.

სადაც ეს შენარჩუნდა, ჯერჯერობით არის ჩრდილოეთ კორეა, რაღაც ზომით  – კუბა, შეიძლება – ლაოსი. ასე რომ, ჩინეთის ეკონიმიკური განვითარება სულაც არ უკავშირდება სოციალიზმს, მან პრაქტიკულად უარი თქვა მარქსისტული ტიპის ხედვებზე ეკონომიკაში.

 

 

თაკო ივანიაძე


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები