LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასლან აბაშიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

280

ასლან აბაშიძის და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური, ასლან აბაშიძე დამნაშავედ სცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 25. 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილი მინისტრი, იოსებ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჯემალ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ელგუჯა ჯინჭარაძე, აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსი, დავით ხალვაში და აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამირან კურცხალიძე.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოკლა მისი მოადგილე, ნოდარ იმნაძე. მანვე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 1993-2004 წლებში შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძემ სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, კერძოდ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება, ხოლო 2004 წლის აპრილში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროს დანაღმვა, რასაც 2004 წლის 21 აგვისტოს აფეთქება მოჰყვა. მანვე ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა თენგიზ ასანიძის და სხვათა მიმართ.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იოსებ გოგიტიძემ 1993-2004 წლებში ასლან აბაშიძესთან ერთად შექმნა და მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, ასლან აბაშიძესთან წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა თენგიზ ასანიძეს, ასევე პირთა ჯგუფთან ერთად მიითვისა აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს კუთვნილი 2 201 667 ლარი. მანვე, 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება.
აჭარის ა.რ. ყოფილმა შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, 2004 წლის 25 აპრილს ქ. ბათუმში, რესტორან „მარსელში“ თამაზ მამისეიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მას და ავთანდილ ბერიძეს. ჯემალ გოგიტიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა აჭარის ა.რ. შს სამინისტროს აღჭურვისათვის გამოყოფილი 1 093 317 აშშ დოლარი.

აჭარის ა.რ. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ელგუჯა ჯინჭარაძემ, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, რასაც მოჰყვა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება.

აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილმა უფროსმა, დავით ხალვაშმა 1996 წელს მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირება, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის, შემდგომში აჭარის სამთავრობო დაცვის სამსახურის შექმნაში, 2003 წელს ორგანიზებას უწევდა კომპანია „procter & gamble”-ის ქონების ქურდობას, გამოძალვასა და ძარცვას, 2004 წლის 20 თებერვალს, მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში, დ. თავდადებულისა და ერას ქუჩების კვეთაზე მიმდინარე მანიფესტაციის უკანონო დარბევაში. აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსის ამირან კურცხალიძის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს 2000-2001 წლებში მიადგა 709 955 ლარის ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ასლან აბაშიძეს 15 წლით, იოსებ გოგიტიძეს 12 წლით, დავით ხალვაშს 4 წლითა და 6 თვით და ამირან კურცხალიძეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე, სასამართლომ მათ გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები