LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუცილებელი იქნება, ერი და ბერი გაერთიანდეს”-პრემიერი წირვას სამებაში დაესწრო

133

“მთელი სულითა და გულით ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს მართლმადიდებელთათვის – აღდგომას და საქართველოს, ყველა ოჯახს, გაძლიერებას ვუსურვებ,” – ამ სიტყვებით მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა.

“მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წელში გაიმართება და დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვენატრება.

პირველი ალბათ ის იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ერი გამთლიანდება. ერის გამთლიანების გარეშე ქვეყნის დიდება ვერ მიიღწევა”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ძირითად აქცენტებზე და აღნიშნა, რომ ეპისტოლეს ღერძი იყო პავლე მოციქულის სიტყვები – “სხვის დასანახად გაკეთებული სიკეთე ცოდვად იქცევა და სიმართლე, რაც არ უნდა მყარი იყოს, თუ ქედმაღლობით ვატარეთ, აუცილებლად დაიმსხვრევა”.

“ყველა ჩვენგანი ისურვებდა, საქართველოს მიეღწიოს იმ მდგომარეობისთვის, როდესაც ერი და ბერი გაერთიანდება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად აქეთ მივდივართ, რადგან ერისა და ბერის ერთიანობა იყო ყველაფერი კარგის საწინდარი საქართველოს ყველაზე ძლიერების ჟამს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება, ერი და ბერი გაერთიანდეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საზეიმო ლიტურგიას, პრემიერთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები