LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შსს-ში იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა

93

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ქვედანაყოფში რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების სახით რიცხული 95.5 ათასი ლარის ღირებულების იარაღია აღმოჩენილი.

ანგარიშიდან ირკვევა, უწყებაში სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა და აღრიცხვა-ანგარიშგების ზოგადი პრობლემები გამოიკვეთა.

„მოქმედი ინსტრუქციის მოთხოვნათა მიუხედავად, სამინისტროს არ აქვს განსაზღვრული და დამტკიცებული სააღრიცხვო პოლიტიკა, რაც ზრდის ფინანსური ანგარიშგების არასწორად მომზადებისა და წარდგენის რისკებს. ფაქტობრივად გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკა ძირითადად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, მინისტრის 2009 წლის N189 ბრძანებით განსაზღვრულია ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგების საცნობარო მუხლებში ასახვის კრიტერიუმები, თუმცა აღნიშნული ბრძანება ძველია და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სამინისტროში, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხს. შედეგად, ხშირია სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულად დიდი დაგვიანებით ასახვის ფაქტები, რაც სამინისტროს ამ სტრუქტურულ ერთეულებს შორის არსებულ არასაკმარის კომუნიკაციაზე მიუთითებს. მაგალითად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების სახით რიცხული 95.9 ათასი ლარის ღირებულების იარაღი აღმოჩენილ იქნა შს სამინისტროს დანაყოფში. იარაღი წლების მანძილზე ინახებოდა შესაბამის დანაყოფში, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ შესაბამისი წერილობითი შეკითხვის შემდეგ ეცნობა ეკონომიკურ დეპარტამენტს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს კუთვნილი აქტივების ნაწილი, განსაკუთრებით იარაღი და სხვა სპეცდანიშნულების ქონება, მხოლოდ რაოდენობრივად არის აღრიცხული, ანუ წარმოდგენილია ღირებულების გარეშე, რაც ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისთვის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ზოგიერთი სახის უძრავი ქონებაც (მიწა, შენობა-ნაგებობები) ასევე, მხოლოდ რაოდენობრივად არის აღრიცხული, ამიტომ სამინისტროს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ღირებულება არ აისახება. მაგალითად, სამინისტროს ბალანსზე რიცხული 674 დასახელების შენობა ნაგებობებიდან 90 დასახელების, სსღც-დან და ცკპდ-დან გადმოცემული ქონება, ღირებულების გარეშეა აღრიცხული და არც ისტორიული ღირებულებაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ანგარიშგება შეიცავს უზუსტობას. ანალოგიური მდგომარეობაა მიწის აღრიცხვის საკითხებშიც. ამ მხრივ, ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ ბოლო წლებში გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. შედეგად, 2017 წლებში შეფასდა და ბალანსზე აღირიცხა 443.4 ათასი ლარის ღირებულების, საქართველოს სხვადასხვა რაიონში არსებული 9 მიწის ნაკვეთი. თუმცა, ეს პროცესი არ დასრულებულა. სამინისტროს ბალანსზე 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითაც ირიცხებოდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელთა შეფასება ჯერ არ იყო განხორციელებული. აუდიტის მიმდინარეობისას, 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა აღნიშნული ქონების შეფასება და შესაბამისი გატარება, რითაც ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული აქტივების ღირებულება ჯამში 43,058.9 ათასი ლარით გაიზარდა, რაც აისახება 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სამინისტროს კუთვნილი აქტივების ჯამური ღირებულება 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში შემცირებულადაა წარმოდგენილი,“ – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები