LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულის ფრიალის იგნორირება არ შეიძლება“ – ლევან ქარაზანიშვილის რეკომენდაციები

19
levan-qarazanishvili

გადაცემის ლაივი LIVE

რას გულისხმობს ტერმინი გულის ფრიალი, რატომ ჩქარდება გულისცემა, რა არის ტახიკარდიისა და არითმიების ყველაზე ხშირი მიზეზი და როგორ გავუფრთხილდეთ გულს – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის კარდიოვასკულარული განყოფილების ხელმძღვანელმა, კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა ისაუბრა.

ბატონო ლევან, რას გულისხმობს ტერმინი „გულის ფრიალი“ და მართლაც გულთან არის თუ არა ის დაკავშირებული?

გულის ფრიალი გულთან დაკავშირებული პრობლემის ობიექტური მიზეზია. ადამიანი შეიგრძნობს, რომ მის გულს პრობლემა აქვს. გულის ფრიალის მიზეზი არასოდეს არ არის მაგალითად სიყვარული, გულის ფრიალი ნიშანდობლივი სიმპტომია და გულისხმობს რითმის დარღვევას. ეს შემაწუხებელი შეგრძნებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს სწრაფ რიტმში, რასაც ტახიკარდიას ეძახიან. ძირითად შემთხვევაში გულის ფრიალი, გულის რაიმე დაავადებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გული ჯანმრთელია, უკვე სხვა კვლევების ჩატარების აუცილებლობა დგება, რათა გამოვავლინოთ გულის ფრიალის რეალური მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური ან ნევროლოგიური სტრესის ფონზე განვითარებული და ა.შ.

როგორ შეიძლება განასხვავოს პაციენტმა, გულს უკავშირდება თუ არა ის ჩივილები, რომელიც აწუხებს?

ზოგადად ადამიანები ექიმთან მიდიან ძალიან გვიან. სიმპტომი, მაგალითად გულის ფრიალი, ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მივიდნენ სპეციალისტთან, კარდიოლოგთან და ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევები, რათა გამოირიცხოს თუნდაც ის, რომ ეს ჩივილები დაკავშირებულია გულის პათოლოგიასთან. არითმიებს ძალიან დიდი გართულებების გამოწვევა შეუძლია, რადგან არასწორი რითმის დროს სისხლის ნაკადი ტურბულენტობას იძენს და შესაძლოა წარმოიშვას თრომბი. იმის მიხედვით, თრომბი პარკუჭში წარმოიქმნება, თუ წინა გულში, შეიძლება მან ფილტვის ემბოლია გამოიწვიოს, რაც საშინელი შეგრძნებაა და შეიძლება დაიღუპოს ადამიანი. ეს უმძიმესი გართულებაა, ამიტომ, გულის ფრიალის იგნორირება არ შეიძლება.

რა არის არითმიისა და  ტახიკარდიის ყველაზე ხშირი მიზეზი?

პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს, რომ არითმიის გამომწვევი მიზეზი არ არის ფარისებრი და ზოგადად, ჰორმონალური ცვლილებები. ისინი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ისინი  მეტად ემოციურები არიან და ამ ემოციაზე გარკვეული ტიპის რეაქციას ახდენენ. ასევე სტრესის ფონზე განვითარებული არითმიები არ ნიშნავს, რომ რაიმე სახის გულის დაავადება გვაქვს. უბრალოდ ამ სტრესმა შესაძლოა, შემდეგში გამოიწვიოს თრომბის წარმოშობა. გაგვიგია კიდეც, რომ ადამიანი ახალგაზრდა ასაკში უცებ გარდაიცვალა, გული საერთოდ არ აწუხებდა, არითმია ჰქონდა და მიაყურადა.  როგორც უკვე აღვნიშნე, ფილტვის არტერიის მასიურმა ემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, გამოვავლინოთ მიზეზი, მივიღოთ შესაბამისი წამლები და ეს ყველაფერი მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩავატაროთ.

გულისმიერი პრობლემა, რომელიც არითმიებში გამოისახება, შეიძლება იყოს შორს წასული ფორმა. მაგალითად  მიტრალური სარქველის პათოლოგიები, სტენოზი ან ნაკლოვანება, ეს დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, რადგან გულს ახასიათებს კარგად ადაპტაციის უნარი. გული კუნთოვანი ორგანოა, ის ვარჯიშობს და ჩვენს ორგანიზმს არ აწუხებს, მაგრამ საბოლოო ჯამში აღწევს ისეთ ზომებს, რომლის შედეგადაც იწყება გამტარი გზების დაზიანება. ამ დარღვევის პირველი ნიშანი არითმიების დაწყებაა. მაგალითად მოციმციმე არითმია, რაც ყველას გაუგია, ასევე სხვა ტიპის არითმიები. ასეთ დროს ექოსკოპიური გამოკვლევის შედეგად შესაძლოა დადგინდეს სარქვლოვანი აპარატის დაზიანება. აქ უკვე ქირურგიულ მკურნალობაზეა საუბარი, თუ ადრეულ პერიოდში მოხდება სარქველის კუპირება, ანუ შეკეთება ან გამოცვლა, ადამიანი დაიბრუნებს ნორმალურ რითმს. მოციმციმე არითმიის მკურნალობამაც ბოლო პერიოდში ძალიან წინ წაიწია, ჩვეულებრივად ხდება ამ პრობლემის მოგვარებაც.

რა შეიძლება იყოს შენელებული გულისცემის მიზეზი?

გარდა იმისა, რომ გულში სისხლის მიმოქცევა შეიძლება იყოს დარღვეული და სარქველების პათოლოგიას ჰქონდეს ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია გამტარი გზები. არითმოლოგია ემსახურება სწორედ ამას. გული იკუმშება იმის ხარჯზე, რომ არის ერთ-ერთი კვანძი, რომლიდანაც მოდის იმპულსი. ეს იმპულსი გადაეცემა მთელ გულს და შესაბამისად, ჯერ წინა გულები იკუმშება და შემდეგ პარკუჭები, ეს გადამცემი გზები ჩვეულებრივი გამტარი გზაა, რომელიც ამ იმპულსს ატარებს. ბავშვებშიც გვაქვს მსგავსი არითმიის შემთხვევები და შეიძლება მოზრდილ ასაკში გამოვლინდეს. მაგალითად იყოს რაღაც ეგტოპიური კერები, რომლებიც არ არის წამოსული სინუსური კვანძიდან და დროთა განმავლობაში ქსოვილმა მიიღოს სხვა ფუნქცია და ააჩქაროს გული ან დაზიანდეს გამტარი გზა და მოხდეს ბრადიკარდია, გულის რითმის შენელება. ყველა შემთხვევაში საჭიროა არითმოლოგთან მისვლა, რომელსაც სხვადასხვა ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგად შეუძლია დასკვნის დადება.

რა შეიძლება გავაკეთოთ უეცარი, მწვავე ტკივილის შეგრძნების დროს გულ-მკერდის არეში, რა არის ამ დროს პირველი დახმარება?

თუ ეს ტკივილის შეგრძნება გულთად არის დაკავშირებული, მდგომარეობა ძალიან საშიშია.  შეიძლება ტკივილი კუჭიდანაც მოდიოდეს ან სახეზე იყოს ნებისმიერი სხვა ტიპის ტკივილი, რომელიც ირადირდება გულმკერდის არეში. ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად მივაქციოთ ყურადღება და არ გამოგვეპაროს ინფარქტი, რომელიც სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანისთვის. ამიტომ ნებისმიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს განხილული როგორც გულისმიერი ტკივილი, საჭიროებს დროულ რეაგირებას. მაგალითად ადამიანები მკურნალობენ კუჭს, არადა ამ დროს აღმოჩნდება, რომ მას აქვს ინფარქტი და ამ ფონზე მკურნალობს წყლულს. მარტივად რომ ავხსნა, თუ სახლში ჩნდება ხანძარი, უნდა მიხვიდე და ჩააქრო და რაც მთვარაია, უნდა იპოვო კერა. ასევეა გულის შემთხვევაშიც.

 რამდენად შესაძლებელია რომ გულის პრობლემასთან იყოს კავშირში ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავბრუსხვევევა, წონასწორობის დარღვევა და კიდურების შეშუპება?

ორივე ფეხის შეშუპება  დიდი ალბათობით გულთან არის დაკავშირებული, რადგან შეშუპება გულის უკმარისობას ახასიათებს. უსიამოვნო სიმპტომებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ არის პაციენტების კატეგორია, მაგალითად დიაბეტიანი პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ ტკივილის შეგრძნება, რაც ძალიან ცუდია. როდესაც ადამიანს გული სტკივა, ის გრძნობს რომ რაღაც პრობლემა აქვს და მიმართავს ექიმს, ხოლო როდესაც ეს მწვავე ტკივილის სახით არ გამოეხატებათ, ფიქრობენ, რომ გადაიღალნენ, დაიტვირთნენ. ხშირად დისკომფორტს ფილტვების ანთებასაც უკავშირებენ ხოლმე. მყოლია ასეთი პაციენტები, რომლებსაც კვლევის შედეგად უდგინდებათ, რომ გადატანილი აქვთ მწვავე ინფარქტი, რომელმაც გამოიწვია გულის უკმარისობა.

რა არის ის მთავარი კომპონენტები, რაც გულის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს?

მე ჩემი ცხოვრების უმეტესი პროფესიონალური ნაწილი გავატარე იტალიაში და მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ათი წელია პრევენცია განვითარებულ ქვეყნებში მედიცინის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაავადებული ადამიანის მკურნალობა ბევრად ძვირი უჯდება სადაზღვევო კომპანიას, ვიდრე ის, რომ მან ადამიანის გამოკვლევაში ჩადოს ფული. უკვე ოთხი წელია საქართველოში ვმოღვაწეობ და ჩემი დროის უმეტესი ნაწილი მიდის ქირურგიულ საქმიანობაში, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ვანვითარებთ და ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს. ჩვენი მიზანია, გამოკვლევა იყოს დროული და არ მივიყვანოთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ მას რთული და მძიმე ოპერაცია დასჭირდეს. უკვე ბევრმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ცხოვრების წესი განსაზღვრავს არა მხოლოდ გულის, არამედ მთლიანად, ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელ მდგომარეობას.

თავისთავად კვება უმნიშვნელოვანესია, ჩემი გამოცდილებით ძალიან ეფექტურია ”მრავალფეროვანი დიეტა”, ანუ კვება არ უნდა იყოს მიმართული ერთი ტიპის საკვებზე. ქართული სუფრა ძალიან გემრიელია და ჩვენ ბევრს ვჭამთ, დიდი რაოდენობით საკვების მიღებას მოჰყვება ჭარბად დალევა, რაც თავისთავად არ არის კარგი. ასევე ფიზიკური აქტივობა ეს არის ის გასაღები, რომელიც ჯანმრთელ გულს შეგვინარჩუნებს.

რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული და რასაც უახლოეს პერიოდში ვერ შევცვლით ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობა. ჩემი აზრით, ქალაქში სეირნობა უარესია ვიდრე სახლში ყოფნა. არის ადგილები სადაც შეიძლება მანქანით მივიდეთ და იქ დავიტვირთოთ ფიზიკურად.

არის შემთხვევები, როდესაც ვიგებთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენები იღუპებიან და მიზეზი გულის გაჩერებაა. საჭიროა თუ არა კარდიოლოგთან ვიზიტი, სანამ ბავშვი სპორტით დაკავდება, რა არ უნდა გამოგვეპაროს, რომ პრევენცია დროულად მოვახდინოთ?

აუცილებელია თითოეული ადამიანი სათანადოდ იყოს შესწავლილი. ის ადამიანები, რომლებიც პროფესიონალური სპორტით არიან დაკავებული, უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ კუნთოვანი სისტემა განავითარონ. მოედანზე სპორტსმენების უეცარი სიკვდილი დიდი პრობლემაა და მთელი ევროპა მუშაობს იმაზე, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ამის მიზეზი გადაძაბული გულის კუნთის მუშაობაა, რომელიც გამტარ გზებთან არის დაკავშირებული და დიდი დატვირთვის შედეგად გულის უეცარი გაჩერების მიზეზი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები