LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავადმყოფი არ ვარ, ყველას რატომ ვძულვარ? – 13 წლის გიორგის ამბავი 

„ავადმყოფი არ ვარ, ყველას რატომ ვძულვარ?“ – ამ სიტყვებს 13 წლის გიორგი მაშინ ამბობს, როცა ეზოდან თანატოლებისგან განაწყენებული სახლში ტირილით მიდის.

ყოველ წელს თბილისში თუ საქართველოს რეგიონებში, სკვერებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის დამონტაჟებული საქანელები იხსნება. ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით, თუმცა მსგავსი შინაარსით მეორდება ფრაზები: „ასეთი ბავშვების ადგილი ჩვენი შვილების გვერდით არაა“. 

ქართულ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებულ სტიგმაზე ომბუდსმენის ანგარიშში ყოველ წელს იწერება. მიმართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში ამ ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით წელსაც მაღალია და ის 9%-ს შეადგენს. 

კიდევ ერთი დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ იარაჯულმა, გაავრცელა.
საქმე ეხება ოზურგეთში ბავშვის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ძალადობასა და თანატოლებს შორის ბულინგს .

„გქონდეს შეზღუდული შესაძლებლობა, ნიშნავს იყო დამნაშავე – ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას გამოაქვს. სტატუსის ქონა ამ ქვეყანაში უპირობო დამნაშავეობას ნიშნავს,“ -ასეთია თამარ იარაჯულის შეფასება შშმ პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე.   

ბავშვის დედა თეონა ლომთათიძე „ფორტუნასთან“ ყვება, რომ უკვე წელიწადნახევარია, მისი შვილი ეზოში თამაშისას თანატოლებისა და უფროსებისგან დაცინვის და დამცირების ობიექტი ხდება. თეონა ლომთათიძის თქმით, სახლში ბავშვის მდგომარეობაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ყველაფერი რომ რიგზე არ არის, ამას გარეთ გრძნობს.  

თეონა ლომთათიძე ამბობს, რომ პრობლემა მას შემდეგ დაიწყო, რაც წელიწადნახევრის წინ საცხოვრებელი შეიცვალეს, მანამდე ბავშვი დამოუკიდებლად თანატოლებთან თავს კარგად გრძნობდა.

„წელიწადნახევარია ვითმენ ამას იმიტომ, რომ ბავშვები იყვნენ, მაგრამ დიდები ჩაერთნენ ამ კონფლიქტში და სისტემატური ხასიათი მიეცა,“ – ამბობს თეონა ლომთათიძე.

ახლა მშობელი ბავშვს თვალყურს ძირითადად სახლის ფანჯრიდან ადევნებს, იშვიათად ეზოდან. ეს კი იმიტომ, რომ ბავშვი გარეთ გასვლას, თანატოლების მსგავსად, დამოუკიდებლად ითხოვს.

„რომ მინდა ჩავყვე, მომიტრიალდება და მეუბნება: „დედა მე ავადმყოფი ვარ? მე არ ვარ გიჟი, დედა“. შორიახლოს რომ ვტრიალებ ეზოში, ვეუბნები, რომ უბრალოდ სუფთა ჰაერზე მინდა გასვლა და იმიტომ ვარ, მაგრამ ხვდება ჩემი იქ ყოფნის მიზეზს. სხვა ბავშვებს არ დაჰყვებიან ეზოში ასე მშობლები,“ – ამბობს თეონა ლომთათიძე.

ახლა მეზობლები ითხოვენ ეზოში ჩასვლისას ბავშვს დედა ან მამა ახლდეს. ეს მოთხოვნა, როგორც თეონა ლომთათიძე ამბობს, სოციალურ მუშაკს გააცნეს. ამავეს ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოც. თუმცა, ვითარება არც ისე მარტივია – როგორც ბავშვის დედა ყვება, ადგილი ჰქონდა მუქარასაც. 

„სახლიდან ეზოში დავინახე, რომ ვიღაცასთან ჩხუბი ჰქონდა, ხელით არ შეხებია, მაგრამ ვხედავდი, რომ დაძაბული მდგომარეობა იყო, გამიკვირდა იმიტომ, რომ არ იცის გაწევა არავისკენ, შემეშინდა და გავიქეცი. მე სანამ ჩავედი, ბავშვი წასული დამხვდა, ვიკითხე, ჩხუბი მოხდა-მეთქი და კაცი დამხვდა და მითხრა უზრდელი გყავს შვილი და რატომ უშვებ ეზოშიო. დავინტერესდი, რაიმე თუ დააშავა, ვთხოვე ასწავლეთ, არ უყვიროთ მეთქი, ავუხსენი მისი მდგომარეობა. დამემუქრა ეს კაცი. მისი შვილიც დამემუქრა, გასისხლიანებულს მოგიგდებ სახლთანო. ეს კაციც ხმამაღლა მიყვიროდა, რაში მაინტერესებს შენი პრობლემაო. ჩემი შვილი ამ ყვირილზე ჩამოვიდა, არც ვიცოდი, ისე დამადგა თავზე, გაიწია მისკენ, შენ ვის ემუქრები, ვის მოკლავო. გაექცა ის ბიჭი. მამამისმა გვითხრა, საერთოდ აგაფეთქებთ, აგწევთ ჰაერში, არ გცოდნიათ თქვენ ჩვენი ამბავიო,“ – ყვება ბავშვის დედა.

სოციალურ სააგენტოში საზოგადოებაში არსებული სტიგმის შესახებ კარგად იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს.  

„სოციალური მუშაკი, თითქმის, ყველა მეზობელს ესაუბრა და მისცა რეკომენდაცია, შვილებს აუხსნან, რომ კომუნიკაცია ნორმალური ჰქონდეთ ბავშვთან. კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასარიდებლად, ასევე გეგმავენ, რომ საქმის კურსში ჩააყენონ პოლიციაც.

„მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვი თანატოლებს ზოგს აგინებს, ზოგს ურტყამს, გვესმის მისი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენი ბავშვებიც ბავშვები არიან და იქნებ ვინმე ჩამოჰყვეს ხოლმეო.

„რა თქმა უნდა, ამ ბავშვის უფლებები დაცული უნდა იყოს და ხელი უნდა შევუწყოთ ყველანაირად. დედასთანაც ისაუბრეს და რეკომენდაცია მისცეს, რომ იქნებ დღის ცენტრში იაროს. თუნდაც იმიტომ, რომ ურთიერთობები ისწავლოს და, თუ სამეზობლოში ასეთი სიტუაციაა, იქ დიდი დრო არ გაატაროს. მაგრამ დღის ცენტრში სიარული არ სურთ,“ – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ბავშვის დედა ამბობს, რომ თავადაც კმაყოფილი იქნება, თუ მისი შვილი დღის ცენტრში ივლის, თუმცა ამაზე უარს თავად ბავშვი ამბობს.

„იქაც თავიანთი პრობლემები აქვთ ბავშვებს და ჩემი ამდენს ვერ ხვდება, არ გამყვა დღის ცენტრში, შიში აქვს, თორემ მე პრობლემა არ მაქვს. თუ წავა, იქ უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის და უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე აქ, ეზოში, მაგრამ რა ვქნა, არ მიდის, სოციალურ მუშაკს ვუთხარი, რა ვქნა მოვკლა, ვცემო თუ როგორ უნდა მივიყვანო მეთქი, არ უნდა.

სოცმუშაკმა წამლის მიცემა მირჩია, მითხრა, რომ სახელს მეტყვის, თუ ექიმთან ვერ მიმყავს, მაგრამ ვუთხარი, რომ ექიმს ველოდები, გერმანიიდან უნდა ჩამოვიდეს. თუკი ვერ მიიყვან, მიეციო  წამალი, მაგრამ მე ექიმს ველოდები,“ – ამბობს ბავშვის დედა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ სოციალურმა მუშაკმა ექიმთან ვიზიტი შესთავაზა და კონკრეტულ მედიკამენტს არავითარ შემთხვევაში არ შესთავაზებდა.

„როგორც მითხრა, ურჩია ექიმთან მიყვანა, რომ მედიკამენტოზურადაც დაეხმაროს. მედიკამენტის შესახებ მე არაფერი ვიცი. თუ რამეს ურჩევდა, დარწმუნებული ვარ, ცუდს არ ურჩევდა, მაგრამ ვიცი, რომ ექიმთან წაყვანა ურჩია. მედიკამენტი არ უხსენებია სოცმუშაკს ჩემთან, ამიტომ მოვიკითხავ,“ – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.  

გიორგი სკოლაშიც დადის და სპეციალური მასწავლებელიც ჰყავს, მაგრამ მშობელმა არ იცის, რა შედეგები აქვს მის შვილს სკოლაში. არც ის იცის, ბავშვებთან რამდენად ურთიერთობს, ამბობს, რომ ამაზე პედაგოგებს მასთან არ უსაუბრიათ, თვითონაც აღარ უკითხავს, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სისტემატიურად სიარულს ვერ ახერხებენ.

თეონა ლომთათიძე მიიჩნევს, რომ მის შვილს ფსიქოლოგი სჭირდება, მაგრამ ეს სერვისი გიორგიმ, გარკვეული მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ მიიღო. დედა ამბობს, რომ ოზურგეთში ერთი ფსიქოლოგია, ბათუმში და ქუთაისში არიან, მაგრამ გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველია და საკუთარი სახსრებით ამ სერვისს ვერ შესწვდებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ საჭიროა, ჯერ ბავშვი ექიმმა შეაფასოს, სხვა სპეციალისტის საჭიროების შემთხვევაში, სოციალური სააგენტო მოიკვლევს, რა რესურსებია ოზურგეთში.

 

 

თაკო ივანიაძე