LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავტომობილები, რომლებიც ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება, არ არის ჩვენს საკუთრებაში”

23

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მედიაში გავრცელებულ, გადაუმოწმებული ფაქტების შემცველ განცხადებებს ეხმაურება.

კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თანახმად, ავტომობილები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება, არის საგამოძიებო სამსახურის საკუთრებაში და თითქოს მასში გადახდილია საბიუჯეტო თანხები.

საგამოზიებო სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას.

 “რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის მცდელობა საზოგადოებას მიეწოდოს არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ავტომობილი, რომელიც განცხადებაში და ეგრედწოდებულ „ვიდეომტკიცებულებაში“ არის ნახსენები, არ იმყოფება საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე და არც არასდროს ყოფილა.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მოდელის, მარკის და საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით.

გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს იცავს და ემსახურება საგამოძიებო სამსახურის „დაცვის თანამშრომლები“. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ქვედანაყოფი არ გააჩნია. საგამოძიებო სამსახურში არ არსებობს დაცვისა და პიროვნების პირადი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული”,- ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი არასწორი ფაქტების გავრცელებისგან. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სამსახური ნებისმიერ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად მზადაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები