LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების ინსპექტირება გარდაუვალია: რა ვადები და მოთხოვნები აქვთ მძღოლებს

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება.

ეს სერვისი დაახლოებით, 60 ლარის ფარგლებში ეღირება. ფასი მთავრობის მიერ დარეგულირდება, რადგან ხელოვნურად არ მოხდეს ტარიფების გაზრდა.

 

ვის შეეხება სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება?

ავტომობილების ინსპექტირება პირველ რიგში, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმებით დაიწყება.

რა ძრავის მქონე მანქანები ჩაითვლება მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებად ეს ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი. ამავე პერიოდში გამოქვეყნდება შესაბამისი გრაფიკი სადაც გაიწერება რომელი მანქანა, რომელ თვეს უნდა მივიდეს ტესტირების ცენტრებში.

ინსპექტირების პირველი ეტაპი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში გაიწერება. შემდეგი ეტაპი ევროპულ სტანდარტზე გადასვლაა, იგივე 4+2+1.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლი“, – განაცხადა ხმალაძემ ინტერპრესნიუსთან.

 

 

7 კრიტერიუმი, რომელიც ყველას მოეთხოვება

ავტომობილების ტესტირების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება.

როგორც ინტერპრესნიუსს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა, ესენია:

მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები.

 

 

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ამ ეტაპზე მოთხოვნებს თავად ვერ აკმაყოფილებენ

რაც შეეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 26 ტესტირების ცენტრია, რომელთაც აქვთ 35 ტესტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ერთი ტესტირების ცენტრი, მაგრამ ჰქონდეს რამდენიმე ხაზი. ერთ ხაზზე კი ერთი მანქანა იტესტება.

მისივე თქმით, შვეიცარულმა კომპანია SGS-მა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის განხორციელებისთვის კონსულტაციას უწევს, ტესტირების ცენტრებისთვის შესაბამისი მოთხოვნები უკვე გამოაქვეყნა.

„ახალი მოთხოვნებით, პრაქტიკულად, ვერც ერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ მცირე რაღაცის გაკეთება მოუწევთ იმისთვის, რომ კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ზოგს – ამ მხრივ ცოტა მეტი სამუშაო ექნება ჩასატარებელი“, – განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

დღეს მოქმედი რეგლამენტით, პერიოდული ინსპექტირება მხოლოდ სატვირთო და 8 ან მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე სამგზავრო ავტომობილებს ეხება.

რეგლამენტის დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარს შეადგენს. 1 იანვრიდან ამ ჯარიმის გაზრდაც იგეგმება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას, მძღოლს ხარვეზების აღამოსაფხვრელად, დაახლოებით, ერთი თვე მიეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები