LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია – რა აეკრძალებათ დაუძლეველი სურვილით შეპყრობილებს

აზარტულ თამაშებზე მასშტაბური დამოკიდებულების მთავარი მიზეზია, მასზე ხელმისაწვდომობა, ფსიქიკური არამდგრადობა და ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე. ლუდომანიის, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა 21 საუკუნის სენია, რომელიც მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. ინტერნეტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, აზარტული თამაშები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასრულწლოვნებისთვისაც. როგორც კვლევები აჩვენებს, 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ორჯერ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არასრულწლოვნებისთვის აზარტულ თამაშებს, ამ ნორმის აღსრულება ეფექტურად ვერ ხდება, განსაკუთრებით ონლაინ კაზინოებში. ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა ფაქტია, რომ მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია. ასევე, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება რეგისტრაცია სხვა პირის პირადი მონაცემების შეყვანით.

ამ და სხვა ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული პროექტით ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად კი, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის “დამოკიდებულ პირთა სია” შეიქმნება და 3 წლის ვადით აზარტულ თამაშებში, მათ შორის ელექტრონულად, მონაწილეობა აეკრძალებათ – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი.

ცნობილია, რომ “დამოკიდებულ პირთა სია” სახელმწიფო უწყებამ – შემოსავლების სამსახურმა უნდა აწარმოოს.

პროექტით, ასევე განიმარტება ტერმინი – „თამაშზე დამოკიდებული პირი“. კერძოდ, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეყვანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.

როგორ შიძლება მოხვდეს ადამიანი დამოკიდებულ პირთა სიაში?

აღნიშნულ სიაში მოქალაქე ორ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს: საკუთარი მიმართვის საფუძველზე ან სასამართლოს ბრძანებით, განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ოჯახის წევრს უფლება ექნება, მიმართოს სასამართლოს განცახდებით, დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კანონმა უფრო ნათლად უნდა განმარტოს, ვინ მოიაზრება აზარტული თამეშის დაუძლეველი სურვილის მქონეთა ჯგუფში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონს უნდა დაემატოს დამოკიდებულ პირთა სიის განმარტება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას.

განმარტებით ბარათში ნათქვამია: „დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით. ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში, არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება.“

კანონპროექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო ხდება მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში.

კანონპროექტის მიხედვით, კანონს ასევე დაემატა შეზღუდვა 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

ჯარიმა სიაში შეყვანილი პირების აზარტულ თამაშებზე დაშვებისთვის

რაც შეეხება სანქციებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ, მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის, (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების, (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში – 10000 ლარის ოდენობით.

წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე, გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში – 40 000 ლარით, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს ამ პროცესში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობა, თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფოს რეგულაციები ამ პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს,” – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რა მასშტაბებს მოიცავს საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრია:

2016 წელს კაზინოებისა და ტოტალიზატორების დეკლარირებულმა ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს 2015 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი მოდის, დანარჩენი კი, ონლაინ-კაზინოებისა და რეალური კაზინოების შემოსავლებია.

რადიო „ფორტუნამ“ გამოკითხა მოქალაქეები – გვაინტერესებდა უჭერენ თუ არა მხარს ინიციატივას, რომ საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნას?

გვანცა ხითარიშვილის აზრით, ძალიან კარგი ინიციატივაა, თუმცაღა არსებობს ნეგატიური მხარეებიც.

„ვფიქრობ, რომ ინიციატივა საჭირო და დროულია, თუმცა სიის არებობის შემთხვევაში, რამდენად იქნება ადამიანის უფლელებები დაცული, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ეს სია დახურული უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის, დამსაქმებლებისთვის, რათა ლუდომანებს არ შეექმნათ პრობლემები,“ – აცხადებს გვანცა ხითარიშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვს ნატა მოდებაძას. მისი განცხადებით, ლუდომანებს გარკვეული შეზღუდვებიც კი უნდა დაუწუსდეთ და კანონი ძალიან მკაცრი უნდა იყოს მათ მიმართ.

„ლუდომანობა ისეთი საშინელი ჩვევა და ცხოვრების სტილია, რომ მათ კანონი უმკაცრესად უნდა ექცეოდეს, არათუ სია, არამედ ძალიან დიდი და სერიოზული შეზღუდვები უნდა ჰქონდეთ. მე პირადად, ასე ვფიქრობ, არ შეიძლება, ოჯახები ნადგურდებოდეს მოთამაშეების გამო,“ – მიაჩნია ნატა მოდებაძეს.

გივი კალანდიას აზრით, ეს ინიციატივა ძალიან აბსურდულია, რადგან ყველაზე დიდი შემოსავალი ბიუჯეტს ამ სფეროდან აქვს და ალბათ არავის, მითუმეტეს მთავრობას, არ აწყობს ამ სფეროს “განადგურება”.

„სიმართლე გითხრათ, ინიციატივაზე თქვენგან გავიგე, თუმცა ვერ ვხვდები ეს ვის უნდა აწყობდეს, სახელმწიფოს მთავარი შემოსავალი აზარტული თამაშებიდან აქვს და ძალიან სასაცილოა, რომ მათ უნდათ ამ სფეროს განადგურება. სიის შექმნაც ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ განათლებით უნდა ებრძოლო ამ პრობლემას და არა მსგავსი ინიციატივებით,“ – აცხადებს გივი კალანდია.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ჯგუფს კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. ჯერ-ჯერობით უცნობია, საბოლოოდ, როდის და რა სახით გადაეგზავნება ახალი რეგულაციები პარლამენტს დასამტკიცებლად.

ნუცა სალუქვაძე