LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თბილისში შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდება

46

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  გაძლიერებულია მონიტორინგი. დაგეგმილია  მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება. ქიმიური წამლობა პარკებსა და ბაღებში მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით  ქიმიური წამლობას ღია სივრცეებსა  და გამწვანებულ ტერიტორიებზე  ჩაატარებს.

აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში. ამ შემთხვევაში  მნიშვნელოვანია  მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური ღონისძიებების ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში. ასევე მოსახლეობას მიეცემა დამატებითი რეკომენდაციები.  სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე  მოსახლეობის მხრიდან მავნებელთან ბრძოლისას მექანიკური მეთოდების გამოყენება არის ყველაზე ეფექტური.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ არის დაავადებების გადამტანი მწერი. იგი, ძირითადად, სასოფლო სამეურნეო კულტურებს აზიანებს.

აზიურ ფაროსანას, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე,  გადაადგილება დიდ მანძილზე, დაახლოებით ათეულობით კილომეტრზე შეუძლია.  ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მავნებელი მიგრირებს საცხოვრებელი სახლებისკენ და ურბანულ ტერიტორიებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად  აზიური ფაროსანა დაფიქსირდა დედაქალაქშიც.

აზიურ ფაროსანას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც ებრძვიან, ბრძოლის კონკრეტული პროტოკოლი ამ დრომდე არცერთ ქვეყანაში არ დადგენილა და მავნებლის სრული განადგურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება ვერც აშშ-ში და ვერც ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ფაროსანაა გავრცელებული.

აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ში  და გავრცელდა 34 შტატში. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს . ამ დროისთვის მავნებელი კვლავაც ფიქსირდება ამერიკის ტერიტორიაზე, თუმცა მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე  გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა  და რუსეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები