LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონი” მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა – დავა დასრულდა

409

„ბადაგონი” საგანგებო მუშაობის რეჟიმიდან, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან დაკავშირებული გამოძიება შეწყდა. აღნიშნულ თემაზე დღეს კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ ბრიფინგი გამართა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩემო “ბადაგონელებო”, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ დავა ბადაგონის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მადლობა ღმერთს, დასრულდა.

მინდა უდიდესი მადლობა გადიხადოთ! ეს მადლობა ეკუთვნის თითოეულ ბადაგონელს, დაწყებული მევენახეებით, ღვინის ქარხნის პერსონალით, დამთავრებული სათაო ოფისის თანამშრომლებით, რომლებმაც გამოიჩინეს ღირსეული მოთმინება, სიმტკიცე და სოლიდარობა ერთმანეთისა და კომპანიის მიმართ! დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! “ბადაგონს” თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი განსაცდელი და ბევრი გამარჯვება ჰქონია. თუმცა არც ერთი გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექსკლუზიურ დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში “დიპლომატ ჯიორჯიას”, ასევე ჩვენს ექსკლუზიურ პარტნიორებს რუსეთში, ჩინეთში, პოლონეთში, გერმანიაში, იტალიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, იაპონიაში, ბალტიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და ა.შ.შ-ში.

წელს, სულ რამდენიმე კვირის წინ “ბადაგონმა” დაიწყო სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე გავლენიან და მძლავრ ამერიკულ ღვინის მწარმოებელ და დისტრიბიუტორ კომპანიასთან “John’s rock”. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ დაბრკოლებების მიუხედავად და შესაძლოა სწორედ ამიტომაც, “ბადაგონი” დღესდღეობით წარმოადგენს უფრო ძლიერ, თვითკმარ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები – სწორედ წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბადაგონის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა. ჩვენ სრულად  ვაცნობიერებთ, რომ გაყიდვების გაზრდის ესოდენ მაღალი მაჩვენებელი შედეგია ჩვენი კომპანიის მომხმარებლების მხრიდან ჩვენი მხარდაჭერისა, რისთვისაც დიდი მადლობა თქვენ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო “ბადაგონის” იურიდიულ გუნდს ესოდენ პროფესიონალური და პასუხისმგებლიანი მიდგომისათვის იურიდიული დაბრკოლებების გადალახვის საქმეში”, – აღნიშნა გიორგი სალაყაიამ.

მისივე თქმით, დღეს ბადაგონი ზეიმობს გამარჯვებას! ამ გამარჯვებას კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ზეიმობს ათიათასობით “ბადაგონის’ მხარდამჭერი. სოციალური ქსელების მეშვეობით “ბადაგონი” იღებს მილოცვებს და მხარდაჭერის ამსახველ განცხადებებს.

„ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნო თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და მთელი მისი გუნდი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის და კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობის უზრენველყოფის საქმეში. რისთვისაც მადლობა მათ. ასევე, მინდა ვუთხრა მადლობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის ყველა იმ მუშაკს, რომლებმაც გამოიჩინეს პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და ოპერატიულობა “ბადაგონის” საქმის გამოძიების  პროცესში.

გპირდებით, ”ბადაგონის”  ყველა კეთილმოსურნეს, რომ ”ბადაგონი” კვლავ გაგახარებთ თავისი წარმატებებით და თქვენ კიდევ ბევრჯერ იამაყებთ იმ ჭეშმარიტად ქართული საქმით, რასაც ქართული ღვინო “ბადაგონი” ჰქვია”, – განაცხადა დღეს კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ საგანგებო ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები