LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონის“ დამფუძნებელი: დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად

161

კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიის ხელში ჩაგდება სავარაუდოდ, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს.

გიორგი სალაყაიამ და ადვოკატმა ზაზა ხუციშვილმა ცოტა ხნის წინ, “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც “ბადაგონის” დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განაცხადა, 11 წლის შემდეგ კვლავ მოხდა ის ფაქტი, რომელმაც ყველა აღაშფოთა. მისივე თქმით, კომპანიის სათაო ოფისსა და ორივე ქარხანაში იმყოფებიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, საგამოძიებო სამსახური წარმომადგენლების მიერ მოხდა საწარმოო პროცესის პარალიზება. მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წარმოადგინეს სასამართლოს განჩინება, რომ მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედება.

“მათ განგვიმარტეს, რომ არის გარკვეული პიროვნების განცხადება და ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ამ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ ვიყავით”, – განაცხადა სალაყაიამ.

სალაყაიას თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები იყო სრული მოულოდნელობა, თუმცა კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, დღეს როდესაც “ბადაგონი” გახდა ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, “ბადაგონი” გახდა გარკვეული პირებისთვის საინტერესო და მათ დაიწყეს ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად.

გიორგი სალაყაიამ რამდენიმე პირი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ. “ეს გახლავთ დავით ბეჟუაშვილი, რომელიც წარმატებულ პარლამენტარად თუ ბიზნესმენად ითვლება. ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები “ბადაგონის” ხელში ჩასაგდება. ყველას კარგად ახსოვს 2006 წლის მოვლენები, თუ რა გადავიტანეთ”, – განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, კომპანიაზე 2012 წლის არჩევნებამდე კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა. “2012 წლის თებერვალში ჩვენთან შემოვიდა ასევე საგადასახადო ინსპექცია. პარალელურად, შექმნეს ჩვენი კონკურენტი ვითომ კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, რომ ჩვენ გარკვეული წილი უნდა დაგვეთმო. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა, ჩემი შეფასებით, დავით ბეჟუაშვილი და ასევე სავარაუდოდ, კახა დამენია, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მაშინ რეალურად ჩვენ გადაგვარჩინა მაშინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რაც ქვეყანაში მოხდა, მათ ვერ მოასწრეს კომპანიის მითვისება”, – განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, კომპანიამ ურთულესი პერიოდი გადაიტანა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 600 ადამიანი და მისი წარმადობა გასამმაგებულია. “დღეს, როდესაც “ბადაგონი” აღმავლობის გზაზეა, ჩემი ვარაუდით, ბატონი ბეჟუაშვილი უკავშირდება თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნილს, რუსეთის მოქალაქეს ვლადიმერ ჯანჯღავას და მას დააწერინეს განცხადება. ყველაზე მთავარია ის, რომ ამ ადამიანს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია კომპანია “ბადაგონთან”, – განაცხადა სალაყაიამ.

მისივე თქმით, 2014 წელს უცხოური კომპანია “გრაკორო ტრედინგისგან”, რომელიც “ბადაგონის” 60%-იან წილს ფლობდა, გიორგი სალაყაიამ იყიდა ეს წილი, თუმცა ის აცხადებს, რომ ვლადიმერ ჯანჯაღავას ურთიერთობები “გრაკორო ტრედინგთან” იურიდიულად არ დასტურდება.

გიორგი სალაყაიას განცხადებით, მან წილი ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით შეიძინა. ამასთა, როგორც მან აღნიშნა, ამის შემდეგ მასსა და ჯანჯღავას ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა.”სავარაუდოდ, ის მოძებნა დავით ბეჟუაშვილმა, დააწერინა აბსურდული განცხადება, რომ თითქოს ეს წილი არასწორად იქნა ჩემზე კომპანია “გრაკოროსგან” გადმოფორმებული. ამ 3 წლის განმავლობაში არც ერთი წერილი, სატელეფონო ზარი არც კომპანიაში, არც ჩემთან არ არის მოსული, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს”, – განაცხადა სალაყაიამ.

როგორც ცნობილია, დღეს „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები