LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

138

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს. მეუღლე ინა გუდავაძე და ოჯახის წევრები გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას, ასევე მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

„იმის მიუხედავად, რომ გამოძიება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი იყო ძლიერი შოკი ჩვენი ოჯახისთვის. ძნელია, გადმოსცე, რას გრძნობს ოჯახი, რომელმაც დაკარგა ბადრი, მაშინ, როდესაც ეთერით ვისმენთ საუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა.

მოვითხოვთ სრულყოფილი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც ამ ბოროტებას გეგმავდა, მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, როგორც კანონის, ასევე, თავის დროზე, ღმერთის წინაშე“, – აღნიშნულია პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით, დგებუაძე  დაცვის თანამშრომელს ეუბნება, რომ საქმე, რომელიც სააკაშვილის დონეზეა გადაწყვეტილი, აუცილებლად განხორციელდება.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციითვე, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი ბრალი უკვე წარედგინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები