LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღების ვაუჩერიზაცია – შესაძლოა, სახელმწიფომ კერძო ბაღში სწავლაც დააფინანსოს

ბაღის ასაკის ბავშვებს სახელმწიფომ შესაძლოა, ვაუჩერი მისცეს, რომლის გამოყენება მათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებში შეეძლებათ . ამის შესახებ „ფორტუნას“ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ, განუცხადა.

ამ სისტემის მიხედვით,  განისაზღვრება 1 ვაუჩერის ფასი,  ანუ რა უჯდება  ბიუჯეტს  ერთი ბავშვის შენახვა წლის  განმავლობაში და ეს ვაუჩერი მიეცემა ყველა ბავშვს რომელიც სკოლამდელი ასაკის არის და საბავშვო ბაღში სიარული უწევს.  ამ ვაუჩერით კი ბავშვი სახელმწიფო ბაღში ივლის ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე, კერძო ბაღში კი მშობელს მოუწევს  განსხვავების  დამატება იმის მიხედვით, რაც იქნება კერძო ბაღის საფასურსა და ვაუჩერის ღირებულებას შორის.

თუმცა,  ეს ჯერ არც ისე ახლო პერსპექტივაა, რადგან ამისთვის,  მინიმუმ, წელიწადნახევრიანი პერიოდი და ამ პერიოდში გასავლელი მთელი რიგი პროცედურებია.

როგორც თორდინავა  „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს,  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ.

„1 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს პარლამენტმა ავტორიზაციის წესი. ავტორიზაციის წესის შესაბამისად კი, 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავტორიზაცია უნდა გაიაროს, როგორც კერძო, ასევე ყველა საჯარო ბაღმა. ვიდრე არ დასრულდება ავტორიზაციის პროცესი და ჩვენ არ გვექნება სურათი, რამდენი საბავშვო ბაღია ქვეყანაში და მათგან რამდენი შეესაბამება ავტორიზაციის პირობებს, ბაღების ვაუჩერიზაციის საკითხი ვერ დადგება დღის წესრიგში. ამდენად, მხოლოდ   ავტორიზაციის გავლის შემდეგ შესაძლებელია, გაანალიზდეს ვაუჩერის თემა კერძო ბაღებისთვის,“ –  განაცხადა თორდინავამ.

დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბაღის ასაკის ბავშვს მხოლოდ საჯარო ბაღში სწავლის შემთხვევაში აფინანსებს. ბავშვის კვება ფიქსირებულია და ის დღეში 3.54 ლარი ჯდება. საშუალოდ კი ერთი ბავშვი სახელმწიფოს წელიწადში, მასწავლებლის ხელფასების, კვებისა და ჰიგიენური საშუალებების ხარჯების გათვალისწინებით 1500 ლარამდე უჯდება. 166 ბაღისთვის კი საერთო ჯამში 100 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ბაღის ასაკის ბავშვების ვაუჩერიზაციის  საკითხი ახალი არ არის და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა ენმ-ის მხრიდან.  უფრო მეტიც, ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მათ საარჩევნო პროგრამაშიც არის, რადგან თვლიან, რომ  ასეთი პოლიტიკა სახელმწიფო ბაღებში ბავშვთა რაოდენობასაც  განტვირთავს და  იმ ოჯახებისთვისაც იქნება შეღავათი,  ვინც  სხვადასხვა მიზეზის გამო, იძულებულია, რომ ბავშვი  კერძო ბაღში ატაროს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები