LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე: ADB-ის მთავარი მიზანია, საქართველოს ინფრასტრუქტურული ფორმირება

90

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ დღეს ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.

აზიის განვითარების ბანკი არის საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი, რომლის ლოკალური პორტფელი 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება და მიმართულია საქართველოს განვითარებისკენ. საქართველოს მთავრობა აფასებს ამ მხარდაჭერას და გამოვხატავთ მზადყოფნას არსებული ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად,“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ორმხრივი ურთიერთობა დღითიდღე ვითარდება და ამის მაგალითია, პრეზიდენტ ნაკაოს ისტორიული ვიზიტი საქართველოში. „ეს არის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც ნათელი გამოვლინებაა იმ წარმატებული პარტნიორობისა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამაზე დაყრდნობით, საქართველო და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და შევძლებთ ახალი, პრიორიტეტული მიმართულებების ათვისებას, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაზე განვიხილეთ და შევთანხმდით არჩეულ ვექტორზე“, – აღნიშნა მან.

მამუკა ბახტაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკის მთავარი მიზანია, საქართველოს ინფრასტრუქტურული ფორმირება და სასურველ ნიშნულამდე განვითარება, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის დაძლევა.

„ჩვენ გვაქვს აზიის განვითარების ბანკის სრული მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. ამ მიმართულებებით, აზიის განვითარების ბანკი პირდაპირ პასუხობს ჩვენს გამოწვევებს და გვეხმარება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის დაძლევა, ხოლო ეს შეუძლებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გარეშე, ამ მხრივ, ჩვენ გვყავს სანდო და გამოცდილი პარტნიორი, რომელიც რეგიონალური ოფისის დახმარებით, მუდამ მზად არის ხელი შეგვიწყოს ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრაში,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.  „ბოლო დროინდელი ინიციატივები თუ რეფორმები კონცენტრირებული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაზე მთლიან ეკონომიკაში. ამ მხრივ, ჩვენ შევქმნით დივერსიფიცირებულ და მდგრად ბაზარს, რომელიც არ იქნება დამოკიდებული გარე შოკებზე და შესაბამისად, იქნება უფრო თავისუფალი და შედეგზე ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებაშიც უწყობს ხელს ჩვენ ეკონომიკურ განვითარებას და კომერციულ ბანკებს იაფი დაკრედიტებით საშუალებას უქმნის გასცეს სესხები მცირე და საშუალო ბიზნესზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები