LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბანკი ქართუ” ნაცმოძრაობის წევრებისგან 30 000 ლარს ითხოვს

52

„ბანკი ქართუ“ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნუგზარ წიკლაურსა და გოგა ონიანს, მათივე განცხადებების გამო, სასამართლოში უჩივის.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით,  სასამართლოში  ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით, სარჩელი უკვე შეტანილია.

„ბანკი ქართუ“ მათგან ჯამში 30 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს.

“6 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნ.წიკლაურმა გ.ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა.



ბანკი ქართუ” 10 000 ლარიან კომპენსაციას მოითხოვს, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს“,– ნათქვამია „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბანკი ქართუს“ განცხადებით, ამ თანხას ისინი  “სოლიდარობის ფონდს” გადაურიცხავენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და გოგა ონიანმა ივანიშვილი და „ბანკ ქართუ“ მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.

6 აპრილს მათ სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, კომპანიამ “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ. თუმცა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო “ქართუ ბანკში” და გამოიტანა 6 მილიონი ლარი.

მათი თქმით, ახლა მძღოლებს ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან.

“2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო “ქართუ ბანკში” და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს”, – განაცხადა გოგა ონიანმა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მძოლების ინტრესებს სამართლებრივად დაიცავს. ასევე, თუ საჭირო გახდება, პარტია პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.

“ქართუ ბანკში” კი განმარტავენ, რომ შპს ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI-ს საკრედიტო დავალიანება აქვს და სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები. ქართუში ამბობენ, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია სასამართლოში, შესაბამისად, სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და არც მათი მოთხოვნის საფუძველზე ადევს ყადაღა გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებს.

ბანკი ქართუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები