LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკის ე.წ. „შავი სია“ არ არსებობს – როდის იშლება მომხმარებელზე ნეგატიური ჩანაწერი

სესხის დასრულების შემდეგ, დადებითი ჩანაწერი მომხარებელზე 7 წლის შემდეგ იშლება. იმ შემთხვევაში, თუ სესხი დროულად ვერ დავფარეთ და ამის გამო, ნეგატიური ჩანაწერი გაჩნდა ბაზაში, შემდეგ კი საბანკო ვალდებულებების დაფარვა შევძელით, ასეთი ტიპის ჩანაწერი 5 წლის შემდეგ წაიშლება.

ნეგატიურად ითვლება სესხი, თუ მასზე დაფიქსირებულია 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება ფიზიკური პირის შემთხვევაში, და 60 დღეზე მეტი იურიდიული პირის შემთხვევაში. რაც შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ, ჩანაწერი ისტორიაში მის დასრულებამდე რჩება.

ყველა საკრედიტო ორგანიზაცია შეფასების საკუთარი კრიტერიუმებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემასთან დაკავშირებით. თქვენი გადახდები და მთლიანი ვალდებულებები კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ პროცესში. შესაბამისად, წარსულში დაგვიანებით განხორციელებულმა გადახდამ შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ ფინანსური მომსახურების მიღებაში.

„ფორტუნასთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და  ბანკების” ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე, აცხადებს, რომ ე.წ. „შავი სია“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჩანაწერილი პირის საკრედიტო ისტორიის შესახებ, რომელიც 15 დღეში ერთხელ ახლდება. კეპულაძის თქმით,  მთავარია, მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ მათი საკრედიტო ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია და მისი გაფუჭებით, ან თუნდაც ონლაინ სესხის არგადახდით, შეიძლება, ბანკებმა სესხი აღარ მისცენ.

ნებისმიერი ტიპის საბანკო პროდუქტითა თუ ონლაინ სესხით სარგებლობისას, ჩანაწერი ჩნდება „კრედიტინფო საქართველოს“ ერთიან მონაცემთა ბაზაში. ამ ბაზაში თავმოყრილია როგორც ბანკების, ასევე  მიკროსაფინანსო და ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების  მიერ გაცემული ინფორმაცია. მონაცემთა ბაზა ინახება ჩეხეთში და დაცულია დიდ სერვერებში.

საბანკო პროდუქტით, როგორიცაა სესხი, სარგებლობა, იშვიათი  გამონაკლისების გარდა, ყველას უწევს. 21-ე საუკუნეში საქმის წამოწყება ან   სხვა ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც  ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული,  სესხის აღების  გარეშე თითქმის  წარმოუდგენელია. მათი დაფარვა კი, ხშირ შემთხვევაში, მომხარებლებს უჭირთ.

 „კრედიტ ინფო საქართველოს“  ერთიან მონაცემთა ბაზაში დაახლოებით 20 მილიონამდე ჩანაწერია.  ესაა იმ სესხების რაოდენობა, რომელიც აღებული აქვს, ჯამში, 2,450 მლნ ფიზიკურ და 68 ათას იურიდიულ პირს.

„ეს მონაცემთა ბაზა არის ყველანაირად დაცული. ჩვენი სერვისით სარგებლობენ, როგორც  ფინანსური ინსტიტუტები – პრაქტიკულად,  ყველა ბანკი, მიკრო-საფინანსო ინსტიტუტი, ასევე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, მათ შორის: სადაზღვევო, სამშენებლო და სადისტრიბუციო  კომპანიები. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ აქვთ შესაძლებლობა, იქონიონ წვდომა საკუთარ საკრედიტო ისტორიაზე,“ – განუცხადა „ფორტუნას“ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე გომიაშვილმა.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები