LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამამ თანამედროვა პოლიტიკა გააკრიტიკა

70

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თანამედროვე პოლიტიკა გააკრიტიკა. იოჰანესბურგში, ნელსონ მანდელას 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მრავალ საკითხთან ერთად თანამედროვე პოლიტიკაზეც ისაუბრა და ოფიციალური ვაშინგტონის მისამართით უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა.

„ჩვენ უცნაურ და გაურკვეველ დროებაში გვიწევს ცხოვრება. ყოველი ახალი ციკლი კიდევ უფრო მეტ თავბრუსხვევას იწვევს. შიშის და უკმაყოფილების პოლიტიკა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ რამდენიმე წლის წინ ამის წარმოდგენასაც კი ვერ შევძლებდით. მე არ ვარ ალარმისტი. უბრალოდ, ფაქტების კონსტატირებას ვახდენ. მიმოიხედეთ გარშემო, ახლა ძლიერი ხელის პოლიტიკა იმარჯვებს. ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები ყველა იმ ინსტიტუტების და ნორმების განადგურებას ცდილობენ, რომლებიც დემოკრატიას აზრს სძენენ,“ – განაცხადა ობამამ.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ შეძლებდა საერთო ენის გამონახვას ადამიანთან, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღწეულ პარიზის დოკუმენტს არ ეთანხმება, თუმცა ვერასდროს გაუგებს პიროვნებას, რომელსაც კლიმატის ცვლილების საერთოდ არ სწამს მაშინ, როდესაც მეცნიერების დიდი ნაწილი მის ჭეშმარიტებაზე აღარც კი დავობს. ამით თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რომელიც ხშირად აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების საერთოდ არ სწამს.

ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის 30-წუთიანი სიტყვით გამოსვლას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში 14 ათასი ადამიანი დაესწრო. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის აღნიშნული გამოსვლა 2017 წლის იანვრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა, პირველი მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი სიტყვა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები