LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსას და მესის მიღწევები: 30 თასი და 40 გოლი

112

„ბარსელონამ“ ესპანეთის თასი უპრობლემოდ მოიგო: მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ საცოდავ დღეში ჩააგდო „სევილია“ – 5:0. აქ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მიღწევაზე გავამახვილებთ ყურადღებას და პლუს მესის მორიგ დაუჯერებელ მიღწევაზეც ვიტყვით.

„ბარსელონამ“ ესპანეთის თასი ისტორიაში 30-ედ მოიგო. ეს რეკორდია. უახლოეს მდევარ „ატლეტიკს“ 23 მოგება აქვს.

ეს კატალონიელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა თასზე. ასეთი დომინირება 85 წელია არ ყოფილა. ოთხჯერ მიჯრით თასი მხოლოდ „რეალს“ (1905-1908) და „ატლეტიკს“ (1930-1933) აუღიათ.

„ბარსელონას“ თასის ფინალში 5 გოლი ფაქტობრივად 100 წელია არ გაუტანია, 1922 წლის 14 მაისიდან. სხვა გუნდებს შორის კი ასეთი შედეგიანობა 1980 წლის შემდეგ არ ყოფილა, როდესაც „რეალმა“ თავისივე „კასტილია“ 6 გოლით ამოავსო.

ლეო მესიმ გაიმეორა ტელმო სარას რეკორდი, რომელმაც 68 წელი გაძლო: მან ესპანეთის თასის 5 ფინალში გაიტანა. სარას 8 გოლი აქვს გატანილი 1942-დან 1950 წლამდე პერიოდის ფინალებში, ხოლო მესის აქამდე გაუტანია „ატლეტიკისთვის“ (2009, 2012, 2015) და ერთხელ „ალავესთან“ (2017). გოლის გარეშე მესი ფინალში სამჯერ დარჩა – „რეალთან“ (2011, 2014) და „სევილიასთან“ (2016).

 

მესიმ გაიტანა 40 და მეტი გოლი ზედიზედ მეცხრე სეზონში.


„სევილიასთან“ გატანილი გოლი არგენტინელისთვის 2017/18 წლების საკლუბო სეზონში მე-40 გამოდგა. ასეთ შედეგს სუპერვარსკვლავი უკვე მეცხრე სეზონია აღწევს.

ყველაზე მეტი მესიმ 2011/12 წლებში გაიტანა – მაშინ ლეომ სეზონში 73 ბურთი შეაგდო.

სულ კი კარიერაში მესის 575 გოლი დაუგროვდა 687 მატჩში.

მესი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის რეკორდსმენიცაა, მის ანგარიშზე 378 გოლია.

ერთიც: მესი პირველი ფეხბურთელია ჩვენს საუკუნეში, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა ზედიზედ სამ ფინალში.

 

ესპანეთის თასის ყველა გამარჯვებული.
„ბარსას“ უპირატესობა საგრძნობია.

 

მესიმ, პიკემ, ინიესტამ და ბუსკეტსმა 8 ფინალი ითამაშეს, 6 – გამარჯვებით დასრულდა.

 

ინიესტამ და მესიმ ერთად 31 ტროფეი მოიგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები