LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა – რჩევები ბარსელონაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ამაყი, საკუთარ თავზე შეყვარებული, ფეთქებადი, გენიით აღსავსე, თავს შეგაყვარებს, დაგღლის და გაგთანგავს… ეს ბარსელონაა, პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. ბარსელონა – ეს არის დიდი ქალაქი ზღვით, გიჟური ენერგია, დალი, გაუდის შეშლილი არქიტექტურა, ველოტრაფიკი, დაშტერებამდე საღამოები და ულევი სანგრია. კატალონიის დედაქალაქში ღირსშესანიშნაობები ყოველ ნაბიჯზე გხვდება და მისი ჩამოთვლა ნამდვილი სიგიჟეა. ძველი რომის პორტი ისტორიით სუნთქავს, ყოველი ქვა თავის ლეგენდას მოგიყვებათ, თანამედროვე ძეგლები კი ჰიმნს და ოდას იმსახურებს. ბარსელონა – ხელოვნების ქალაქია. ბარსელონას შემოქმედებითად, მზით, ძალებით აღსავსე და კარგი განწყობით დამუხტული ტოვებ…

 

ბარსელონას რაიონები

ბარსელონა 10 ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა. ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა სამ მათგანში იყრის თავს. ესენია: ძველი ქალაქი (იგივე გოთიკური კვარტალი), რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრია; ეშამპლე ანუ ახალი ქალაქი და მონჟუიკის რაიონი, რომელიც მე-19 საუკუნეშია აშენებული და გაუდის ძირითადი ნამოღვაწარით იწონებს თავს.

ქალაქის გულია კატალონიის მოედანი, საიდანაც ზღვის მხარეს მიდის მთავარი საფეხმავლო გზა და თან ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა – ლა რამბლა. ეს გახლავთ ბულვარი – ორი კვარტლის საზღვარი. ცენტრალურ მოედანთან თავმოყრილია მრავალი ღირსშესანიშნაობა: კოლუმბის ძეგლი და შუასაუკუნეების დრასანესი (ამჟამად საზღვაო მუზეუმი), ბარსელონას საგამოფენო ცენტრი, ეროვნული სასახლე, მარსეტის სასახლე.

თუ დრო გაქვთ ღირს გრასიას რაიონშიც შეიხედოთ, ეს ბარსელონელი მხატვრებისა და სტუდენტების თავშეყრის ადგილია. ეს რაიონი განსხვავდება დანარჩენი ბარსელონასგან ვიწრო ქუჩების ქაოტური დაგეგმარებითა და მრავალი მყუდრო ადგილით. გუელიას სახელგანთქმული პარკი გრასიას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. გარდა ამისა, რაიონი ცნობილია ყოველწლიური ფესტივალი „ფიესტა მაჟორის“ წყალობით, რომელიც აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტარდება.

 

ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთო სისტემაში შედის მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, საქალაქო მატარებელი Rodalies (RENFE) და FGC მატარებელი. ტურისტული მარშრუტების უმრავლესობისთვის მეტრო საკმარისია. თუმცა თუ საერთო სამგზავრო АТМ-ს იყიდით, ყველა ზემოჩამოთვლილი ტრანსპორტით ისარგებლებთ. ეს სამგზავრო დაგიზოგავთ არა მარტო ფულს, არამედ ნერვებსაც, რადგან მხოლოდ მატარებლებში დაბნევა გამორიცხული არ არის.

 

მეტრო

მეტროთი გადაადგილება მოსახერხებელია. იხსნება 5:00 სთ-ზე და იკეტება 24:00 სთ-ზე, პარასკევს – 2:00 სთ-ზე. შაბათ დილიდან კვირას, 00:00 სთ-მდე უწყვეტად მუშაობს.

ერთადერთი მოუხერხებლობა ისაა, რომ ხაზების უმრავლესობას კომპანია ТМВ ფლობს, რამდენიმე კი FGC-ს მფლობელობაშია, ხოლო სხვადასხვა კომპანიების ხაზებს შორის გადაჯდომისას დამატებით უნდა გაიროთ ტურნიკეტი და ცალკე გადაიხადოთ, თუ საერთო სამგზავრო არ გაქვთ.

მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 2 ევროზე მეტია, ასე რომ, უფრო მოსახერხებელია 10 მგზავრობის ბილეთის (Т-10) შეძენა, რომელიც 10 ევროზე ოდნავ მეტი ღირს. ამ ბილეთს გამოიყენებთ ავტობუსშიც, ტრამვაიშიც, FGC-ის რკინიგზაზე და RENFE-ს ძირითად მატარებლებზე.

ასევე მოსახერხებელია 2-5 დღიანი ერთიანი სამგზავროები, რომელიც შეუზღუდავ გადაადგილებას ნიშნავს და 14 ევრო ღირს.

 

საქალაქო მატარებელი

მეტროს გარდა ბარსელონაში რკინიგზის სხვა სახეობაცაა. ისინი ხშირად მეტროს სადგურებსაც იყენებენ და შეიძლება დაიბნეთ, თუმცა მეტროს არ ეხება. ასეთი სადგურები შესასვლელში აღნიშნულია არა ასო М-ით, არამედ მმართველი კომპანიების ლოგოებით – FGC ან Rodalies. მათი გამოყენება აზრს იძენს გარეუბნებში და ქალაქთან ახლოს მდებარე ადგილებზე წასასვლელად.

 

სხვა ტრანსპორტი

ბარსელონაში 6 გრძელი ტრამვაის ხაზია. ისინი თითქმის მეტროს გრაფიკით მუშაობენ და ძალიან სწრაფია. ავტობუსთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულადაა: მისი განრიგი დამოკიდებულია კვირის დღეზე, მარშრუტი ბევრია და ცოტა დამაბნეველი. თანაც, ხელი უნდა დაუქნიოთ, ხოლო ჩასვლისას კნოპს მიაჭიროთ. საერთო ჯამში, ავტობუსები მუშაობას 5:30 სთ-ზე იწყებენ და 22:30 სთ-ზე ამთავრებენ. არის რამდენიმე ღამის ავტობუსიც.

მეტროს, ავტობუსის და ტრამვაის მგზავრობის ღირებულება ერთი და იგივეა.

 

ტაქსი

ტაქსი თითქმის ყველგანაა. მოქმედებს 4 ტარიფი, რაც დამოკიდებულია დღის რომელი მონაკვეთია და რა დღეა. საწყისი ღირებულება დაახლოებით 2.5 ევროა. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 30-40 ევრო დაგიჯდებათ.

 

ველოსიპედი და ტურისტული ავტობუსი

ველოსიპედის ქირაობა კერძო კომპანიასთან შეიძლება (ველოსისტემა Barcelona Bicing ტურისტებისთვის ხელმიუწვდომელია). ფასები მდებარეობაზე, ველოსიპედის ტიპსა და არენდის პირობებზეა დამოკიდებულია, ისე კი საშუალოდ დღეში 7-10 ევროდ იქირავებთ.

ქალაქის გაცნობის კარგ შანსს იძლევა ტურისტული ავტობუსი. ბილეთი შეგიძლიათ იყიდოთ 1 ან 2 დღიანი (23 და 30 ევრო) და საშუალება გაქვთ ნონ-სტოპ იაროთ 9:00-დან 20:00 საათამდე სამი მარშრუტით, რომელიც პრაქტიკულად მთელ ბარსელონას მოიცავს. ავტობუსი ჩერდება ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან.

 

Barcelona Card

ამ ტურისტული ბარათით ყველა ტრანსპორტით უფასოდ ივლით (აეროპორტიდან მატარებლის ჩათვლით), ასევე საშუალებას იძლევა უფასოდ ან ფასდაკლებით ნახოთ უამრავი საინტერესო ადგილი (უფასოდ მოხვდებით 25 მუზეუმში). არსებობს 3-დან 5 დღემდე ბარათები და 45 ევრო ღირს. საბავშვო ბარათები 4-12 წლის ბავშვებზეა გათვლილი და 21 ევროა. Barcelona Card შეგიძლიათ ონლაინ გამოიწეროთ და აეროპორტშივე აიღოთ ან უბრალოდ იქვე შეიძინოთ.

 

 

სანაპიროები

გარშემოც და უშუალოდ ბარსელონაშიც არის შესანიშნავი ქვიშის და კარგად აღჭურვილი (კაბინები, ტუალეტები, ბარები, რესტორნები) პლაჟები. საერთო ჯამში 4 კმ-ზე იწელება და 4 ძირითადი ზონისგან შედგება. ყველაზე პოპულარულია ბარსელონეტას რაიონის პლაჟი, რომელიც პრაქტიკულად ქალაქის ცენტრშია. შეზლონგი 6 ევრო დაგიჯდებათ, ქოლგა – 5 ევრო.

შემდეგი სანაპიროა „იკარია“, მას მოყვება პლაჟი „მარ ბელია“ (არაოფიციალურად ნუდისტურად მიიჩნევა). და ყველაზე მოშორებითაა პლაჟი „სიტჟესი“, რომელიც ქალაქის ფარგლებს გარეთაა და სადგურიდან მატარებლით ნახევარი საათის სავალზეა.

 

შოპინგი

ბარსელონაში შეიძლება ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მშვენიერი შენაძენი გააკეთოთ. საამისოდ საუკეთესო საშუალებაა გრანდიოზული ადგილი – სახელგანთქმული El Corte Ingles.
ეს სავაჭრო ცენტრი ქალაქის სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა შენობების რამდენიმე სართულზეა. აქ ყველაფერი იყიდება, საკვებიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული. ასე რომ, ბუტიკებისა და მოდური ბრენდების მოყვარულებს შეუძლიათ გრასიას ბულვარზე გაემართონ.

რაც შეეხება სუვენირებს, კარგა ხანია აპრობირებულია, რომ ესპანეთიდან ტურისტებს მაგნიტები კი არა, საკვებად ვარგისი საჩუქრები მიაქვთ. ამათში ლიდერობენ ხამონი და ტურონი, ასევე ღვინო და ზეითუნის ზეთი.

გოთიკური კვარტლისა და რამბლას სასუვენირო დახლები ნამდვილი ხაფანგია: როგორც წესი აქ საერთოდ არ არის კატალონიაში წარმოებული საქონელი, ძირითადად რა თქმა უნდა ჩინურებია.

ყველაზე ცნობილ შოპინგ-ადგილს კი მოდასთან კავშირი არ აქვს. ეს გახლავთ ლამის მთელ სამყაროში ცნობილი ბაზარი „ბოკერია“ ძველ ქალაქში. აქ შეიძენთ ახალ ხილს და ბოსტნეულს, ხორცისა და ზღვის პროდუქტების არჩევანი ლამის თავად ზღვის ხელაა.

დიაგონალის ქუჩაზეა Museu Gastronomic – კატალონიური ღვინისა და პროდუქტების მაღაზია, რომელიც ნამდვილ მუზეუმად არის გაფორმებული: აქ დათვალიერებაც შეიძლება, ყიდვაც და ადგილზე დაგემოვნებაც.

 

რა გავსინჯოთ

ბარსელონაას რესტორნებში წარმოუდგენელ ზღვის ნობათს გადააწყდებით. შეხვდებით ვირთევზას, ანჩოუსს, კამბალას, ზღვის ეშმაკს. კატალონიელები ერთობ აფასებენ ხორცსაც, განსაკუთრებით შემწვარს და ღორისას. პატივს იმსახურებს ბრინჯიც: ბრინჯი მწვანილით, ბრინჯი ხორცით, ბრინჯი თევზით ან მოლუსკებით. ყველაზე პოპულარული რა თქმა უნდა გახლავთ პაელია. ხოლო „შავი ბრინჯი“ მელანთევზით უშუალოდ კატალონიური კერძია.

მისაყოლებელი „ტაპასი“ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, თუმცა ის ანდალუსიურია (კატალონიურ ანალოგს „პინჩოსი“ ქვია). ხოლო ისეთი პოპულარული სასუსნავი, როგორიცაა შებოლილი „ხამონი“, პიკანტური ძეხვი წითელი წიწაკით „ჩორისო“ ან საოჯახო ღორის ძეხვი „ფუეტი“ თეთრი ობით, ჯობს მაღაზიებში შეიძინოთ. თუ მძიმე საკვები არ გაშინებთ, გასინჯეთ ტრადიციული სოფლის ძეხვი „ბუტიფარა“ ცერცვით.

გემრიელ ნაყინთან ერთად ქუჩის დახლებზე წარმატებით იყიდება ტრადიციული გამაგრილებელი სასმელი „ორჩატა“, რომელსაც საკმაოდ სპეციფიური გემო დაკრავს.

 

 

კაფე და რესტორნები

რესტორნების, ბარების, პაბებისა და კაფეების რაოდენობა უბრალოდ ზღვარს სცდება. ამასთან, ბარსელონაში 20-ზე მეტი მიშლენის ვარსკვლავის მქონე დაწესებულებაა. არჩევანისას ალბათ ჯობს ორ მარტივ წესს მიყვეთ: 1. რა გინდათ მიირთვათ (ნაციონალური, ევროპული თუ აზიური) და 2. აუარებელ ხალხს ოდნავ მოშორდეთ.

რიგი რესტორანში – იმის ნიშანია, რომ ის ყურადღებას იმსახურებს. ყურადღება ასევე შეგიძლიათ მიაქციოთ კარზე მსგავს ნაწებს: Cheque Gourmet 2011 ან Trip Adviser 2009 – ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი მინიმუმ ტურისტების კარგი გამოხმაურებით დააჯილდოვეს.

საშუალოდ სრულფასოვანი საუზმე (როგორც თავად უწოდებენ „ინგლისური საუზმე“) 8-10 ევრო დაგიჯდებათ. ის შეიცავს სოსისებს, კვერცხს, ტოსტს, სოკოს, ყავას და ზოგჯერ წვენს. ვისაც დილაობით ამდენი არ სურს, ყავა, წვენი და კრუასანი – 2-3 ევრო დაუჯდება. სადილზე უპრიანია აიღოთ menu del dia – ბიზნეს ლანჩის იქაური ვარიანტი. მას 12:00-დან 16:00 სთ-მდე გთავაზობენ და 10-დან 20 ევრომდეა. შედის სალათი, წვნიანი, ცხელი კერძი, დესერტი და სასმელი – ლუდი, ღვინო, ყავა ან წვენი.

ვახშმის დრო დგება სიესტას შემდეგ – როგორც წესი, საღამოს რვიდან. ტრადიციული კატალონიური ვახშამი შედგება სამი კერძისგან – მისაყოლებელი, ცხელი კერძი და დესერტი. თუმცა ამ მასშტაბის მიგრაციისა და ტურისტების გამოისობით რაღაცეები იცვლება და საღამოს თუნდაც ზომიერი დალევა ჩვეული საქმეა.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

ბარსელონა – არქიტექტურული სასწაულია, რომლის ღირსშესანიშნაობა მთელი წლის განმავლობაში აუარებელ ტურისტს იზიდავს. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს შუასაუკუნეების გოთიკური შედევრები, მოდერნის სტილის ექსპერიმენტული შენობები და თანამედროვე მიმართულებები, მაგალითად ჰაი-ტეკი.

ძირითადი ღირსშესანიშნაობები თავს იყრიან სამ რაიონში: ძველი ქალაქი, ეშამპლე და მონჟუიკი.

 

ძველი ქალაქი და გოთიკური კვარტალი

შენობების უმრავლესობა მე-14-15 საუკუნეებით თარიღდება. აქ იპოვით ძველი რომაელების დროინდელ ნაგებობებსაც. მთავარი ღირსშესანიშნაობაა საკათედრო ტაძარი, რომელიც მთელ ესპანეთში ერთ-ერთი ულამაზესია. მას მე-13 საუკუნიდან მე-15-ის შუაწელამდე აშენებდნენ და სწორედ ის და არა საგრადა ფამილია გახლავთ არქიეპისკოპოსის რეზიდენცია.

ტაძრის სამრეკლოში თეთრი ბატები ბინადრობენ. მათი ფერი წმინდა მოწამე ევლალიის უმანკოების სიმბოლოა, რომლის სახელზეც აგებულია ტაძარი.

შესვლა შესაწირით ხდება. სახურავზე, დასათვალიერებელ მოედანზე ასვლა 3 ევროა.

 

რაიონის ფარგლებში მდებარეობს რეალ-მაიორის სასახლე, აუნტამიენტო, სამრეკლო სანტა-აგატა და ისტორიის მუზეუმი რეის მოედანზე, რომლის კედლებთან არქეოლოგიური გათხრები წარმოებს.
სან-ჟუსტის მოედანზე ტურისტებს იზიდავს გოთიკური შადრევანი, მოიშოს სასახლე და სანტოს ჟუსტის ეკლესია. ყურადღებას ითხოვს სენტელესის სასახლე, ებრაული კვარტალი კალი, მუზეუმები და თეატრები.

ბარსელონას ყველაზე მონახულებად მუზეუმად მიიჩნევა პიკასოს მუზეუმი მონტკადას ქუჩაზე ძველ ქალაქში. ექსპოზიციას უკავია 5 გოთიკური შენობა და დიდი მხატვრის უამრავ ნამუშევარს იტევს.
კომბინირებული ბილეთი 15 ევროა, მუზეუმში შესვლა 12 ევრო ღირს, დროებითი გამოფენები – 6.5 ევრო. 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის შესვლა უფასოა.

 

ეშამპლე

რაიონი მე-19 საუკუნეში დააპროექტეს, როდესაც მიხვდნენ, რომ აუცილებელი იყო ქალაქის გაფართოება. ამ დრომდე სწორხაზოვანი დაგეგმარება არასოდეს გამოუყენებიათ, ასეთი არქიტექტურის წყალობით კი მიაღწიეს არა მარტო მოხერხებულობას, არამედ გარე ეფექტსაც. ეშამპლეში უნიკალური შენობების დიდი რაოდენობაა, რომელთა შორის სახელი გაუდის შედევრებმა გაითქვეს. მისი 170 მეტრიანი საგრადა ფამილია ქალაქის სიმბოლოა.

 

საგრადა ფამილია და გაუდი

მრავალკოშკიანი ტაძრის საგრადა ფამილიას (წმინდა ოჯახი) მშენებლობა ანტონიო გაუდიმ 1883 წელს დაიწყო, თუმცა მისი აღმართვა დღემდე არ დასრულებულა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ ნაგებობად დარჩეს.
გაუდის შექმნილი უნიკალური შენობები ბარსელონას ქუჩების სილამაზეა.
დიადი ხელოვანის ისეთი შემოქმედება როგორიცაა გუელიას სასახლე (კარერ-ნოუს ქუჩაზე – აქ არის თავად გაუდის სახლ-მუზეუმიც) და ამავე სახელწოდების პარკი (იხილეთ ქვედა სლაიდზე), ვისენსის სახლი, ბალიოს სახლი (პისეი დე გრასიას ქუჩაზე) და მილიას სახლი იუნესკოს დაცვის ქვეშ არიან და ბარსელონაში ჩასულთათვის სავალდებულო სანახავია.

საგრადა ფამილიაში შესვლა 15-დან 30 ევრომდეა, ფასი შერჩეულ პროგრამაზეა დამოკიდებული.

 

მონჟუიკი

მონჟუიკი არა მარტო რაიონის, არამედ მთის სახელიცაა, რომელმაც 1929 წლის მსოფლიოს გამოფენა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გადაიტანა. მინიმუმი, რაც უნდა ნახოთ – ციხესიმაგრე, კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ჟოან მიროს მუზეუმი და მაგიური შადრევანი.

 

ესენიც სანახავია

 

ესპანური სოფელი

ქვეყნის ყველა ოლქის არქიტექტურა ერთ ადგილას – აი ეს არის ესპანური სოფელი, შენობების კომპლექსი სუფთა ჰაერზე. პროფესიონალმა არქიტექტორებმა 1600-ზე მეტი ქალაქი და სოფელი შემოიარეს და მის მიხედვით ააშენეს ესპანეთის რეგიონების შენობების ზუსტი ასლები.
ამ მშვენიერების ნახვა 14 ევრო ღირს. არსებობს ბილეთების ბევრნაირი კომბინირებული ვარიანტი.

 

ძველი პორტი

ძველი პორტი მეორედ დაიბადა 90-იან წლებში: სანაპირო არ შეიხედებოდა, ახლა კი ახალი ხის ხიდებითაა გადატიხრული, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, კაფე-რესტორნები, აკვარიუმი და კინოთეატრი.

 

ბარსას სტადიონი

ნოუ კამპი 1957 წელს გაიხსნა. ფეხბურთის ქომაგებმა მის მონახულებაზე უკეთესი რა უნდა გააკეთონ – „ბარსელონას“ მუზეუმი, აურაცხელი ტროფეები და იმის შეგრძნება, რომ იქ სადაც თქვენ იმყოფებით, არც მეტი არც ნაკლები ლეო მესი დადის, მანამდე კი დიეგო მარადონა დარბოდა.

 

აკვარიუმი

ბარსელონას აკვარიუმი ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა ფაუნის შესწავლა-შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. ექსპოზიცია წარმოდგენილია 14 ცალკეული ეკოსისტემის სახით.
ფასი: 20 ევრო.

 

ტიბიდაბო

Haec omnia tibi dabo (ყველაფერ ამას შენ მოგცემ) – ამ სიტყვებით ხიბლავდა ეშმაკი ქრისტეს, როდესაც ტიბიდაბოს ბორცვის სიმაღლიდან ბარსელონას აჩვენებდა. მართლაც 512 მ სიმაღლიდან კატალონიის დედაქალაქი მთელი სილამაზით იშლება.

ტიბიდაბომდე მისვლა FGC-ის მსუბუქი მეტროთი ჯობს. სადგურ Avinguda de Tibidabo-დან ავტობუსები დადიან. შაბათ-კვირაობით კატალონიის და ტიბიდაბოს მოედნებს შორის დადის „ტიბიბუსი“ Т2. მგზავრობის ღირებულება 3 ევროა.

 

აგბარის კოშკი

ერთ-ერთი ცნობადი ნაგებობა – ღამით ლურჯი, წითელი და იისფერი განათებით გიგანტურ კიტრს წააგავს.

 

ბელესგარდის კოშკი

ტიბიდაბოს მთის ძირას მდებარე ბელესგარდი გაუდის ერთ-ერთი მცირე, მაგრამ ძვირფასი შემოქმედებაა. დიდოსტატმა მისთვის არადამახასიათებელი სწორი ხაზები გამოიყენა.
ფასი: 16 ევრო, შედის აუდიოგიდი.

 

კოლუმბის ძეგლი

მირადორი ანუ სათვალთვალო მოედანი – ასე უწოდებენ ბარსელონას მცხოვრებლები კოლუმბის ძეგლს, რომელიც ძველი პორტის შესასვლელიდან გადაყურებს ზღვას.
ლიფტით ასვლის ღირებულება: 4 ევრო.

 

ლისეოს თეატრი

საოპერო სცენის ორი ვარსკვლავის – ხოსე კარერასისა და მონსერატ კაბალიეს „მშობლიური სახლი“ რამბლას დასაწყისშივეა. 1847 წელს ააშენეს და 1999 წელს თავიდან გახსნეს ხანძრის შემდეგ.
ექსკურსიის ღირებულება: 16 ევრო.

 

შადრევანი „დიდი კასკადი“

მას ასევე უწოდებენ „კასკად ციტადელი“ ან „კასკად მონუმენტი. იგი ციტადელის პარკში მდებარეობს და მართლაც გამორჩეულია.

 

შადრევანი კანალეტესი

ეს შადრევანი must see-ის რიგებშია. ის ცენტრშია, ამავე სახელწოდების ბულვარზე, საიდანაც იწყება კიდეც რამბლა.

 

ესპანეთის მოედნის შადრევანი

მის ნახვას ხშირად ივიწყებენ, რადგან მეზობლად სახელგანთქმული მომღერალი შადრევნებია, არადა ისიც უჩვეულოა, ცნობილმა ოსტატებმა შექმნეს და შესანიშნავი ქანდაკებებითაა მორთული.

 

 

მუზეუმები

 

სამხედრო მუზეუმი

მუზეუმი მონჟუიკის ციხესიმაგრეში მდებარეობს. იარაღი და უნიფორმები, რაინდების აღჭურვილობა და უძველესი რუქები, ხის ჯარისკაცების დივიზია და ციხესიმაგრეების მოდელები – შთამბეჭდავი ექსპოზიციაა.
ფასი: 5 ევრო. კვირაობით, 15:00 საათის შემდეგ შესვლა თავისუფალია.

 

კატალონიური მუსიკის სასახლე

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და მოდერნის სტილის გამორჩეული შენობაა. დასწრების ღირებულება 20 ევროა.

 

ეგვიპტის მუზეუმი

დამთვალიერებელს ჟორდი კლოსის კერძო კრებულს თავაზობენ. ეს გახლავთ 600 ღირებული ექსპონატი. კოლექციის ნაწილი თავის დროზე ფარაონებს ეკუთვნოდათ.
შესვლა: 12 ევრო.

 

საზღვაო მუზეუმი

კოლუმბის ძეგლთან ახლოს აღმართულია ორიგინალური შენობა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი. ის ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
ფასი: 10 ევრო. კვირაობით, 15:00 საათის შემდეგ შესვლა თავისუფალია.

 

მუზეუმი CosmoCaixa

სამყაროს შეცნობის მშვენიერი გამოცდილება, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.  სამეცნიერო-შემეცნებითი მუზეუმი ბუნებისა და კოსმოსის შეცნობის ნამდვილი ტაძარია.
ფასი: 4 ევრო. 16 წლამდე უფასოა.

 

ბარბე-მიულერის ხელოვნების მუზეუმი

ვისაც ძველი ხალხების ხელოვნება აინტერესებს, პირველი კლასის მუზეუმში უნდა შეიაროს. გარდა აცტეკების, მაიას და ინკების ტომების, აქ ნახავთ ტეოტიუაკანის, საპოტეკების, ჩავინების და სხვათა ცივილიზაციების ექსპონატებს.

 

ილუზიის მუზეუმი

მაგიის მეფის მუზეუმი და თეატრი (El Rey de la Magiа) სინამდვილეში ერთერთი ძველი მაღაზიაა, რომელიც მაგიური ნივთების წარმოებასა და გაყიდვას ეძღვნება.
ფასი: 10 ევრო.

 

ბარსელონას ისტორიის მუზეუმი

ქალაქზე უფრო მეტის გაგება რთული არ არის: მნიშვნელოვანი დოკუმენტები და არქეოლოგიური ნივთები ბარსელონის ისტორიული მემკვიდრეობაა.
ფასი: 7 ევრო. 29 წლამდე – 5 ევრო. თვის პირველ კვირას მთელი დღე უფასოა, დანარჩენ კვირა დღეს – 15:00 საათიდან.

 

ოლიმპიური თამაშებისა და სპორტის მუზეუმი

მუზეუმში წარმოდგენილია სპორტის ისტორიასთან დაკავშირებული საგნები, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი უკავია 1992 წლის ოლიმიური თამაშების ნამდვილ ექსპონატებს. მუზეუმი სტადიონ „ლუის კომპანისთან“ ახლოს მდებარეობს.
შესვლა 6 ევრომდეა, თავისუფალია 18 მაისს და 24 სექტემბერს.

 

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ელ-რავალის რაიონში, ანგელოზების მოედანზე ყოფნისას უთუოდ შეამჩნევთ მოდერნის სტილის შენობას, რომლის კედლებში თავმოყრილია ხელოვნების საოცარი ნაწარმოებები.
ფასი: 10 ევრო, 14 წლამდე უფასოა.

 

ტექსტილისა და კოსტუმის ისტორიის მუზეუმი

დამთვალიერებელს ქალისა და მამაკაცის გარდერობის 3500 ნივთი ახარებს, რომელიც ერთ დროს მარკიზ ლიოს ეკუთვნოდა. კოლექციაშია VII საუკუნიდან დღემდე ეპოქის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, აქსესუარები და ჩანთები და ა.შ.
ფასი: 6 ევრო, 14 წლამდე უფასოა. თვის პირველ კვირა დღეს შესვლა თავისუფალია.

 

საფეხბურთო ბარსელონას მუზეუმი

„ბარსელონა“ მარტო ფეხბურთი არ არის – ის ქალაქის შარმია (ბარსას დევიზიც ხომ ასეთია: უფრო მეტი ვიდრე კლუბი). გამპერის მიერ XX საუკუნის დადგომამდე დაარსებულ მუზეუმში შესვლაზე უარს ალბათ ვერავინ იტყვის.
ფასი: 25 ევრო. 6-დან 13 წლმდე – 20 ევრო. 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.

 

შოკოლადის მუზეუმი

ყველაზე გემრიელი მუზეუმი ყოფილ დედათა მონასტერში კონდიტერების გილდიამ დაარსა. ის ყველას მოხიბლავს.
შესვლა: 6 ევრო.

 

ეთნოგრაფიული მუზეუმი

კაპუცინების მონასტერში მისიონერების მიერ სამხრეთ ამერიკაში შეგროვებული კოლექცია ინახება. კოლუმბის ეპოქამდე ხელოვნების ნივთები, რიტუალური ნიღბები და ინდიელების ხელსაქმის თანამედროვე ნაკეთობები – მოკლედ, საინტერესო ექსპოზიციებია.
შესვლა თავისუფალია და წინასწარი შეთანხმებით ხდება.

 

ჟუან მიროს ფონდი

XX საუკუნის საუკეთესო კატალონიელი მხატვარ-ავანგარდისტის მიროს სიურეალისტურ სამყაროში შეჭრა – ბარსელონაში მოგზაურობის მნიშვნელოვანი დეტალია.
მუდმივმოქმედი ექსპოზიცია: 12 ევრო; დროებითი გამოფენები: 7 ევრო.

 

 

კინო-ბარსელონას ექსკურსია

ტურიზმის საქალაქო ოფისი ყველა მსურველს თავაზობს უჩვეულო ექსკურსიას შეუერთდეს (ესპანურ და ინგლისურ ენებზე ტარდება), რომელიც ყოველ შაბათს 17:00 საათზე კოლუმბის ძეგლთან (Portal de la Pau მოედანი) იღებს სტარტს. პრიგრამაშია: გასეირნება პედრო ალმოდოვართან, ვუდი ალენთან ან მანუელ უერგასთან „ერთად“ ქალაქის ყველაზე კინემატოგრაფიულ ადგილებზე. გაეცნობით ისტორიებს და ნახავთ იმ ადგილებს, სადაც გადაუღიათ ისეთი სურათები, როგორებიცაა ტომ ტიკვერის „პარფიუმერი“, მანუელ უერგის „სალვადორი“, სედრიკ კლაპიშის „ესპანური ფუნდუკი“, ვუდი ალენის „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ და პედრო ალმოდოვარის „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“.

ექსკურსიის ხანგრძლივობა 2.5 საათია და 14 ევრო ღირს. 8 წლამდე ბავშვები უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები