LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BASSIANI-ის ადმინისტრაცია 27 მაისს ევროპის მოედანზე აქციას აანონსებს

107

“თუ BASSIANI-ის კარი არ გაიღება 1 ივნისამდე, ფინანსური ზარალის გამო ის შესაძლოა დაიხუროს, თუმცა მისი კარი ყოველთვის ღია იყო თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანისთვის,” – ამის შესახებ კლუბ “ბასიანის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კლუბ BASSIANI-ის ადმინისტრაცია 27 მაისს ევროპის მოედანზე აქციას აანონსებს.

“დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენსკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი.

დაარსების დღიდან, ჩვენი სფერო მხარს უჭერდა სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო მოძრაობებს, ხელს ვუწყობდით ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს, სწორედ ამიტომ, 12 მაისის “შავი პარასკევის” საპოლიციო ტერორი, არ იყო ტერორი მხოლოდ საკლუბო სივრცეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფზე, ვინც მხარში გვიდგას და ჩართულია უთანასწორობასთან ბრძოლაში.

შემოგვიერთდით, ჩვენთვის საამაყო თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია, BASSIANI / HOROOM-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა – ევროპის მოედანზე.

დღეს ჩვენი ბრძოლა ნიშნავს, ბრძოლას სოციალური ცვლილებებისთვის!

გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში!”- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები