LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში მოხვდა

96

National Geographic Traveler-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

პოლონურ გამოცემაში ბათუმი, როგორც უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი, ისეთი ქალაქების გვერდით სახელდება, როგორიცაა: ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი. „მზესთან ახლოს“ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც მარტის თვის ნომერში ბათუმსა და ზოგადად აჭარას მიეძღვნა.

„ჩვენ ვიცით ბედნიერების რეცეპტი” – ამბობენ ქართველები. ეს შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ, თუმცა ბათუმში გატარებულმა მხოლოდ ერთმა „ვიკენდმაც“ კი დამარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში,“ – ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი ბუაჟეი გრიგილი, რომელიც მკითხველს შავიზღვისპირეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს აცნობს.

სტატია, რომელიც მკითხველს აჭარაში სამოგზაუროდ ეპატიჟება, National Geographic Traveler-ის მარტის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ჟურნალისტი ბათუმში ვიზიტისას საუკეთესო ადგილებს ასახელებს, რომელთა შორისაა: ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ევროპის მოედანი და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ის ასევე ხაზს უსვამს მთიან აჭარასა და ადგილობრივ სამზარეულოს, სადაც ულამაზეს ბუნებაში ტურისტებს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტის განცხადებით, საქართველოს და კონკრეტულად აჭარის რეგიონის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისთვის პოპულარულ მედიასაშუალებებთნ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედია საშუალებებში გამოქვეყნდეს. ჩვენი მოწვევით გასულ წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა. შედეგად, კი მივიღეთ 150-ზე მეტი მედიაპროდუქტი რეიტინგულ ტელევიზიებში, ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოტენციური ტურისტები თავიანთ ქვეყნებშივე გაეცნონ აჭარას მსგავსი სტატიებით, საინტერესო რეპორტაჟებითა თუ გადაცემებით. ამ ყველაფერს კი ემატება ჩვენს სამიზნე ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები, შედეგად კი ვღებულობთ აჭარის პოზიტიურ იმიჯსა და ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში. აჭარის შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნებულა, თუმცა ისეთი ქალაქების გვერდით ბათუმის დასახელება, როგორიცაა: ნიცა, ამსტერდამი და პალერმო ნამდვილად ორმაგად სასიხარულოა“, – განაცხადა სულხან ღლონტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები