LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი გრანდიოზულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – BATUMI MusicFest უმასპინძლებს

96

17-22 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად, გრანდიოზულ მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – BATUMI MusicFest უმასპინძლებს.

ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის საქველმქმედო ფონდი „ლირა“ გახლავთ.

ფესტივალს დაარსების დღიდან მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე აჭარის კულტურის სამინისტრო.

მონაწილეობის მისაღებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოსული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე, ჩაატარებს იუნესკოს 70-წლის იუბილესადმი მიძღვნილ სემინარს ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც დაესწრებიან სპეციალურად ჩამოსული იუნესკოს მშვიდობის ელჩები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

პროგრამა არის მრავალფეროვანი და შედგება ძირითადად პოპულარული კლასიკური შედევრებისგან.

ფესტივალს ეწვევა ცნობილი დირიჟორი ფილიპ მანი (Philip Mann) შეერთებული შტატებიდან, რომელიც მოცარტის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს იდირიჟორებს.

ფესტივალის გახსნაზე 17 სექტემბერს, სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, იუნესკოს არტისტი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ელისო ბოლქვაძე, მსმენელის წინაშე წარსდგება მოცარტის ჯადოსნური საფორტეპიანო კონცერტით. სლოვენიელი კლარნეტისტი, დარკო ბრლეკი კი ააჟღერებს მოცარტის კონცერტს.

18 სექტემბერი მთლიანად დაეთმობა ბრწყინვალე ქართულ ფოლკლორულ მუსიკას ლეგენდარული ‘’ქართული ხმების’’ მონაწილეობით.

19 სექტემბერს ფილიპ მანი დირიჟორობით შესრულდება ბეთხოვენის შედევრი – მე-7 სიმფონია და ბიზეს კარმენ სუიტა.

საფრანგეთიდან ჩამოდის მსოფლიო ვარსკვლავი, სიპრიან კაცარისი (Cyprien Katsaris), რომელიც ფრანგული საფორტეპიანო მუსიკის შედევრს – რაველის (Maurice Ravel) კონცერტს შეასრულებს 20 სექტემბერს. ბათუმის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მამუკა ალაფიშვილი.

ბელორუსიიდან ეწვევა ფესტივალს ახალგაზრდა პიანისტი მაია ირგალინა, რომელიც ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს, ქართველ დირიჟორთან დავით კინწურაშვილთან ერთად. ამავე კონცერტში შესრულდება მოცარტის შედევრი – მე-40 სიმფონია.

დასკვნითი კონცერტი კი მიეძღვნება ბრწყინვალე ქართველ კომპოზიტორს, ალექსი მაჭავარიანს (Aleksandre Machavariani), სადირიჟორო პულტთან ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება ვახტანგ მაჭავარიანი.