LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის

52

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „სტადიონი“ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის ობიექტი ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 100 000 ლარია.

”ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდება და სატენდერო პირობებთან მისი თავსებადობის შემთხვევაში საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება გაფორმდება”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი უნდა აშენდეს, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები