LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

94

ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ამ ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა. სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისის თვეში ეწვია, სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე შეაფასეს არსებული მდგომარეობა.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს. წელს ბათუმში გაიმართება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 189 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი და დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

წელსვე ბათუმი არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას კი მალე შეემატება მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლე, ყინულის დარბაზი და 20 ათას მაყურებლეზე გათვლილი UEFA-ს სტანდარტების საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი.ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი 2018 წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან.